ასათიანი ეკატერინე თევდორეს ასული (1859, სოფ. მაღარო, სიღნაღის მაზრა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 8. XII. 1938, თბილისი), მწერალი და საზ. მოღვაწე. სწავლობდა ეპარქიულ სასწავლებელში. XIX ს. 70-იან წლებში სიღნაღში გახსნა ქალთა სასწავლებელი. იყო თბილ. კუკიის საქალაქო სასწავლებლის გამგე და მასწავლებელი. მონაწილეობდა ნაძალადევის პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსებაში (1897), თავის ძმასთან – სტეფანე ჭრელაშვილთან და ქართვ. მწერლებთან (ე. გაბაშვილი და სხვ.) ერთად საზ.-საგანმან. საქმიანობას ეწეოდა.
1883 ჟურნ. „იმედის“ (რ-ის იდეური ხელმძღვანელი იყო მისი მეუღლე მ. ასათიანი) პირველ ნომერში დაიწყო ა-ის მოთხრ. „ბჟუტა ვარსკვლავის“ ბეჭდვა. ცენზურის სიმკაცრის გამო მოთხრობა ბოლომდე არ დასტამბულა. ქართ. საყმაწვილო ჟურნალებში („ნობათი“, „ჯეჯილი“) აქვეყნებდა მოთხრობებსა და ხალხში შეკრებილ ზღაპრებს. იყო გაზ. „დროების“ კორესპონდენტი (1885). 1886 გამოვიდა მისი მოთხრ. „ქუდბედიანი“. ა-ის შემოქმედების ძირითადი თემაა ქართ. სოფლის ყოფა-ცხოვრება.
დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოს პანთეონში.
ს. ხუციშვილი