ასათიანი ვალერიან (ვალერი) როსტომის ძე

ვ. ასათიანი

ასათიანი ვალერიან (ვალერი) როსტომის ძე (დ. 15. XI. 1950, ქუთაისი), ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2021). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1972).  სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ხელმძღვ. ორგანოებში. იყო საქართვ. მწერალთა კავშირის მდივანი (1984), სახელმწ. მეთაურის მრჩეველი კულტურის დარგში (1993), მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი (1994), პარლამენტის წევრი (1993-94), საქართვ. კულტურის მინისტრი (1985–90; 1995-2000), შოთა რუსთაველის სახ. პრემიის მიმნიჭებელი კომისიის თავ-რე (2022-24).

ა. ავტორია მონოგრაფიებისა კლასიკურ ფილოლოგიაში, ბიზანტინისტიკასა და კულტუროლოგიაში, მ. შ.: „ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში“ (1987), „აკაკი ურუშაძე“ (1995), „ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში“ (1996), „კლასიკოსი“ (2016), „ლეჩხუმი“ (2019), ანტიკური კულტურა, ბიზანტია და საქართველო“ (2021) და სხვ.

ა. არის ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. საბჭოს წევრი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე (1998), საპატიო ლეჩხუმელი (2021).

დაჯილდოებულია ა. შვაიცერის მშვიდობის მედლით (2003, გერმანია), ჰომეროსის პრემიით (2016, საბერძნეთი), დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია „ძლევაი საკვირველითა“ და ოქროს მედლით(2024).