ასათიანი თეიმურაზ გიორგის ძე (16. VII. 1916, თბილისი, – 2. I. 1988, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1962). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1946, ი. ნიკოლაძის კლასი). 1965-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1947-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ა. ძირითადად მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ლაკონიზმით, მოდელის მახვილი დახასიათებით: ს. ბაღაშვილის (1956), გ. წულუკიძის (1949), ა. ჟორჟოლიანის (1951), ნ. ოდიშარიას (1963), შ. შერვაშიძის (1978, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი) პორტრეტები. შესრულებული აქვს ჰორელიეფები და ფიგურული ქანდაკებები: „მშენებლები“(1953), „ვეფხვთან შებრძოლება“ (1952), „შრომაში გამარჯვებულები“ (1955), „მომაკვდავი გედი“ (1967) და სხვ.