აბული

აბული. ეკლესია. X ს. სამხრეთ-დასავლეთის ხედი.

აბული, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ისტ. ჯავახეთში, მდ. აბულის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1980 მ. ახალქალაქიდან 12 კმ. 535 მცხ. (2014).

ა. პირველად მოხსენიებულია 1595 შედგენილ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, ამ დროს იგი თორმეტკომლიანი სოფელი იყო, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. XVIII ს-ში მტრის ინტენს. შემოტევის შედეგად ქართ. მოსახლ. აქედან აიყარა. XIX ს. 30-იან წლებში რუს. მთავრობამ -ში არზრუმის (თურქეთი) მხრიდან დევნილი სომხები ჩაასახლა. სოფელში გვხვდება ადრინდ. ფეოდ. ხანის ქვაჯვრები: კუბურ ბაზებში ჩასმული სწორკუთხა სტელები, რ-თაც „ბოლნური მედალიონები“ და აყვავებული ჯვრები ამკობენ. როგორც ჩანს, სოფელი ადრინდ. ხანაშიც არსებობდა და ციხითაც სარგებლობდა. საინტერესოა ა-ის ტბის ნაპირზე არსებული მესაქონლეთა სეზონური ნამოსახლარი, რ-იც ასევე წინა და ადრინდ. ფეოდ. ხანით თარიღდება. სოფელში შემორჩენილი ერთი ქართ. დარბაზული ეკლესია X ს-ისაა, მისი სამხრ. მინაშენი კი – მოგვიანო ხანისა. ეკლესიის დას. კედელზე, სარკმელთან ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი – „ჯუარი ქრისტესი, ქრისტე შეიწყალე გუზან გალატოზი“. -ში კიდევ 2 ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი, მაგრამ მათი დათარიღება არ ხერხდება. აქვეა 1884 აშენებული სომხ. ეკლესია.

სოფლის დას. განაპირას პატარა კლდოვან ბორცვზე, შემორჩენილია კლდეში გამოკვეთილი სარკოფაგები, ხოლო სოფლის აღმ-ით, თანამედროვე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბრინჯაოს ხანის სამაროვანია.

სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მოზრდილი თიხის ჭურჭელი. სოფლის სამხრ. ნაპირზე ნამოსახლარი გორაა, რ-საც თავდასაცავი კედლებით გამაგრების კვალი ეტყობა. აქვე აკრეფილი კერამ. ფრაგმენტები წინა და ადრინდ. ფეოდ. ხანისაა. სოფლის მახლობლად დგას შუა საუკუნეების აბულის ციხე.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694 – 1732 წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ც. აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მ. სვანიძემ, თბ., 1979.

დ. ბერძენიშვილი