ასათიანი მიხეილ მიხეილის ძე (10. V. 1882, თბილისი, – 20. I. 1938, იქვე), ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნ. ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1907 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნ-ტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 თავის მასწავლებელ პროფ. ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნ-ტი განათლების მინისტრის ლ. კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკ. ნევრო-ფსიქიატრიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნ. „პსიხოტერაპიას“. 1917 აირჩიეს მოსკ. უნ-ტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. 1920–38 მუშაობდა თსუ სამკურნ. ფაკ-ტის (1930-იდან თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის) ფსიქიატრიის კათედრის გამგედ, ერთდროულად, 1925-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინ-ტს, რ-საც 1948 მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია ა-ის გამოკვლევები ფსიქ. აშლილობათა ფიზიოლ. მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ; მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინ., ე. წ. „რეპროდუქციულ განცდათა“ მეთოდი.
თხზ.: ფსიქონერვოზები, თბ., 1932; გეგმა და მეთოდიკა სულით ავადმყოფის გამოკვლევისა (ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობითი და სპეც. ტერმინოლოგიით), თბ., 1936.
ლიტ.: გობრონიძე ე., პროფესორ მ. ასათიანის ცხოვრება და მოღვაწეობა. «ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის შრომები», 1963, ტ. 11–12; მენთეშაშვილი ი., მ. ასათიანი, თბ., 1952; Зурабишвили А. Д., Ментешашвили И. Т., Выдающийся псиъхиатр М. Асатиани, «Журнал невропатологии в психиатрии», 1952, т. 52.
ბ. ნანეიშვილი