ასათ მოქმედი, X ს. ოქრომქანდაკებელი. 1898 სოფ. ბრილში (ხაშურის რ-ნი) აღმოჩენილი დავით კურაპალატისათვის გაკეთებული ჯვრის (27,2 X 16,2 სმ, საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი) ავტორი.
მხატვრულ-ისტ. ღირებულებით ბრილის ჯვარი მნიშვნელოვანი ნიმუშია ქართ. ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისა, როდესაც თავი იჩინა ინტერესმა ფიგურის სკულპტურული გადმოცემისადმი. ამასთანავე ნაწარმოებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძვ. ტრადიციები: სიუჟეტის ემოციურობისა და ექსპრესიის გაძლიერების მიზნით ფიგურების ცალკეული ნაწილების ხაზგასმა. ა. მ-ის ჯვრის წინა პირზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტესა და წმინდანთა ფიგურები. ფონი და ზურგი მთლიანად დაფარულია გრავირებული ფოთლოვანი ორნამენტით. წინა პირის ქვედა მკლავზე დამკვეთის, ტაოს მფლობელის დავით კურაპალატის სახელია ამოკვეთილი, ზურგზე – შემსრულებლის სახელი – „ასათ მოქმედი“. ქრისტეს მეტყველი სახე, იოანესა და მარიამის სამოსლის ოსტატურად მოდელირებული ნაკეცები ოქრომქანდაკებლის ნიჭიერებაზე მეტყველებს.
ლიტ.: ჩუბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა VIII–XVIII საუკუნეებისა, თბ., 1957; მისივე, Золотых дел мастера Асата работа для Таосского владетеля, царя царей Давида Куропалата, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1948, ტ. 15 В; მისივე, Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.