ასალი

ასალი, ცხენის ზურგსა და გავაზე გადასაფარებელი ხალიჩურად ნაქსოვი, ანდა აპლიკაციებით გაწყობილი ქსოვილი. ყოფაში გაიგივებული იყო ყაჯართანაც, რ-საც მხოლოდ უნაგირზე გადასაფარებლად ხმარობდნენ. ლიტ-რაში ა-ის მნიშვნელობით გვხვდება აგრეთვე „ორთუქი“ (ცხენის გავაზე გადასაფარებელი) და „შატროვანი“. ფეოდ. საქართველოში გავრცელებული იყო ოქრომკედით ნაქარგი და ოქროს ან ვერცხლის კილიტებით, კოპლებით, ბურთულებით, ზოგჯერ კი ძვირფასი თვლებით შემკული ა.; გვიანდ. ფეოდ. ხანაში ასეთი მდიდრული ნახელავი ა-ები ქართ. ოქრომკედის ნაქარგობის სხვა ნიმუშებთან ერთად თურქეთსა და ირანში გაჰქონდათ. აღმ. საქართვ. მთიანეთში შემონახულია ნაქსოვი ა-ები, რ-თაც საპატარძლოები უქსოვდნენ საქმროს ნათესავ მამაკაცებს. ა-ის საინტერესო კოლექციებია დაცული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

გ. ჩაჩაშვილი