დაიხმანი (Deichmann) ფრიდრიხ ვილჰელმ (17. XII. 1909, იენა, – 13. IX. 1993, რომი), გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი, ადრინდელი ქრისტიანული ხანის ხელოვნების, უმთავრესად ხუროთმოძღვრების, თვალსაჩინო მკვლევარი.
ქრისტ. არქიტ. ჩამოყალიბებისა და განვითარების შესწავლისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ პროცესის თავისებურებებსა და განსხვავებულ ხასიათს სხვადასხვა საქრისტიანო ქვეყანაში. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აღმოსავლეთქრისტიანული რეგიონების – ეგვიპტის, სირიის, მესოპოტამიის – მხატვრულ მემკვიდრეობას.
აქვს საგანგებო ნაშრომები ქართ. ხუროთმოძღვრების შესახებაც. აღსანიშნავია დ-ის ბოლნისის სიონისადმი მიძღვნილი ნარკვევი. ბაზილიკური თემის განვითარებაში სიონის სტრუქტურას (ჯვარულ-ბურჯებიანი კამაროვანი სამნავიანი ნაგებობა) იგი მიიჩნევს აღმ. საქართველოს შემოქმედებით წვლილად. დაწერილი აქვს აგრეთვე საგულისხმო წერილი VI–XI სს. საქართველოში ფასადთა მორთულობის შესახებ.
თხზ.: Frühchristliche Kirchen in Rom, Basel, 1948; Ravenna. Hauptstadt des spätantiken Abendlandes, Bd. 1–3, Wiesbaden, 1969–89; Zur Entwicklung der Pfeilerbasilika: die Basilika von Bolnisi (473–493), «Bedi Kartlisa», vol.36, Paris, 1978; Einführung in die christliche Archäologie, Darmstadt, 1983.
ვ. ბერიძე