ასან-მირზა (რ ო ს ტ ო მ ი) (გ. II. 1750), კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყული-ხანის) მესამე ვაჟი. სპარს. ორიენტაციის მომხრე. მხარს უჭერდა თავის ძმას ალექსანდრე ბატონიშვილს (ალიმირზას) თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგ ა. ამ მეფეთა მიმართ ლოიალურ პოლიტიკას დაადგა. შემდგომში ადილ-შაჰმა ირანში გაიწვია და შაჰის გვარდიის ქართ. რაზმების მეთაურად დანიშნა. 1748, სპარსეთში არეულობის დროს, გ. ამილახვრის დახმარებით თავისი რაზმებით საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის საგარეო ომებში. გარდაიცვალა ყარაბაღზე ლაშქრობაში.
ლიტ.: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
ლ. ტუხაშვილი