დაკრძალვა, დ ა მ ა რ ხ ვ ა, მიცვალებულის დამარხვის წეს-ჩვეულება, რ-იც ასახავს ადამიანის დამოკიდებულებას გარდაცვალებისა და სიკვდილისადმი.
ამ წეს-ჩვეულებათა მრავალფეროვნება სხვადასხვა ხალხში გაპირობებულია ყოფით, ტრადიციებით, რწმენა-წარმოდგენებით. მიცვალებულის დ. ორმოებსა და გამოქვაბულებში, რაც გარდაცვლილზე ზრუნვის გარკვეულ გამოხატულებად და რელიგ. წარმოდგენების საწყისადაა მიჩნეული, ჯერ კიდევ შუა პალეოლითიდან არის ცნობილი.
საიქიოს რწმენის საფუძველზე წარმოიშვა მიცვალებულისადმი ორგვარი დამოკიდებულება: ერთი მხრით, მიცვალებულზე ზრუნვა (საფლავში სამკაულების, ტანსაცმლის და სხვ. ჩატანება. საქართველოში ამის გამოხატულება იყო ცხენის სიმბოლური შეწირვის ჩვეულება, აგრეთვე ქელეხის, დოღის და სხვ. რიტუალების შესრულება);
მეორე მხრით, მიცვალებულის გაუვნებლება – ზრუნვა იმაზე, რომ მიცვალებული უკან არ დაბრუნებულიყო. ამ რიგის გადმონაშთებს წარმოადგენდა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში სახლის კედლისა და ღობის გარღვევა და შემდეგ ამოშენება, ხის მოჭრა და სხვ.
არქეოლ. გათხრების შედეგად საქართვ. ტერიტორიაზე დადასტურებულია მიცვალებულთა მიწაში დ-ის სხვადასხვა წესი: ორმოსამარხებში, ქვაყუთებში, კრამიტსამარხებში. განსაკუთრებით საყურადღებოა მიცვალებულის ეტლზე, კევრზე და ქვევრში დ-ის წესები (მიწაში ჩადგმული სამარხის ერთ-ერთი უძველესი სახეობა – ქვაყუთი – აღმ. საქართვ. მთიანეთში ეთნოგრ. ყოფამ ბოლო დრომდე შემოინახა).
ანტ. ხანიდან გვხვდება მთლიანკვეთილი სარკოფაგები, მავზოლეუმის ტიპის აკლდამები (ბაგინეთი, არმაზისხევი და სხვ.), სადაც სამეფო დიდკაცობასა და მათი ოჯახის წევრებს მარხავდნენ. აკლდამებში დ-ის წესი აღმ. საქართვ. მთამ (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი, ხევი) გვიანობამდე შემოინახა. კოლხეთში გავრცელებული ყოფილა ჰაერზე დაკრძალვა (ხეზე, ფიცარნაგზე დ.).
გვხვდება აგრეთვე მეორეული დ-ის წესიც (დაკრძალულის გადასვენება სხვა ადგილას). თანამედროვე ხალხებში გავრცელებულია დ-ის ორი წესი – მიცვალებულის მიწაში დამარხვა და კრემაცია. იხ. აგრეთვე სამარხი.
ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1–ფშავი, თბ., 1974; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
დ. გიორგაძე