ასისფორი

ასისფორი, მხარე ისტორიულ სამხრ. საქართველოში. ტაოში (ახლანდ. თურქ. ტერიტ.). ა. [ასის ხევი // არსის ხევი, იგივე „სომხური გეოგრაფიის“ (VII ს.) „არსიაცფორია“] მდებარეობს მდ. ჭოროხის შუაწელზე, კლარჯეთსა და სპერს შორის, ჭოროხის ხეობის იმ ნაწილში, რ-იც პარხლისწყლისა (პარხალისუ) და თორთომისწყლის (თორთუმჩაი) ხეობებს შუაა მოქცეული. სახელი ეწოდება სოფელ არსისისგან, რ-იც მდებარეობს მდ. ჭოროხის მარჯვ. მხარეს. ა. ქართ. წყაროებში პირველად „მატიანე ქართლისაში“ (XI ს.) იხსენიება VIII ს. ამბებთან დაკავშირებით, ამ დროს ის ადარნასე ბაგრატიონის სამფლობელოში შედიოდა. 1080 ა. თურქ-სელჩუკებმა ააოხრეს. XIII ს. 70-იანი წლებიდან ეს მხარე სამცხის სამთავროს (სამცხე-საათაბაგო) ეკუთვნოდა. XI–XVI სს-ში ა-ის დიდი ნაწილი კავკასისძეთა ფეოდ. საგვარეულოს ხელში იყო, ამიტომ XIV–XVI სს. წყაროებში ის „საკავკასიძეოს“ სახელითაც იხსენიება. უკანასკნელად ა. XV–XVI სს-ით დათარიღებულ წერილში გვხვდება. 1549–50 ა. მთელ ტაოსთან ერთად ოსმალებმა დაიპყრეს და მის ტერიტორიაზე ფერთექრექის (შემდეგ კისკიმის) ლივა შექმნეს, რ-იც მოგვიანებით ახალციხის საფაშოს (ჩილდირის ვილაიეთი) შემადგენლობაში შევიდა. ა-ის მხარეში შემავალი ისტ. პუნქტებია: ოთხთა ეკლესია, შე, არსისი, ნეჯახი, ფერთექრექი, კისკიმი.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980.

ა. თორდია