ასიტაშვილი თეონა გიორგის ასული

ასიტაშვილი თეონა გიორგის ასული (26. V. 1932, თბილისი, – 3. I. 2012), გრაფიკოსი, მხატვარ-რესტავრატორი. საქართვ. დამს. მხატვარი (1976).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1956, პროფ. ი. შარლემანის კლასი), იქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას (1959–60, 1972-იდან). ა. მხატვარ-რესტავრატორის სპეციალობას დაეუფლა დრეზდენის სურათების გალერეაში, სადაც მუშაობდა 1960–64 პროფ. ჰ. შვაგარუსის ხელმძღვანელობით. ა-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემის აქტუალობა, დახვეწილი გემოვნება, პროფესიულობა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის დარგში, ქმნიდა ჟანრულ სურათებს, აფორმებდა წიგნებს. ნამუშევრები: „სვანეთი“ (1959), „მუსიკოსები“ (1963), „გრემი“ (1968), სერია „ახალი დრეზდენი“ (1964), პეიზაჟების სერია „კახეთი“ (წლის საუკეთესო ნამუშევარი, 1987), „პეიზაჟი“ (1992, ყველა –კერძო კუთვნილება) და სხვ.