ალ-ასკალანი

ალ-ასკალანი, შიჰაბ ალ-დინ აბულ-ფადლ აჰმად იბნ ალი იბნ ჰაჯარი (28. II. 1372 – 22. II. 1449), ეგვიპტელი სამართლისმცოდნე (ყადი) და ისტორიკოსი. მის ნაშრომებს შორის მნიშვნელოვანია „გაუწაფავის ცნობათა წიგნი საუკუნის შვილთა შესახებ“ („ქითაბ ანბა ალ-ღიმრ ბი აბნა ალ-ამრ“).

მსოფლიო ისტორიის ტიპის ამ ქრონიკაში ავტორი აღწერს თემურიდთა თურქმანული სახელმწიფოს დამაარსებლის თემურლენგის მტრულ საგარეო პოლიტიკას, მის გაუთავებელ საომარ მოქმედებას ეგვიპტის, ოქროს ურდოსა და მათთან კავშირში მყოფ საქართველოს წინააღმდეგ. მემატიანის ცნობით, თემურლენგს რამდენიმეჯერ დაულაშქრავს საქართველო. ერთ-ერთ ძლიერ თავდასხმას ადგილი ჰქონია 1393/4 (ჰიჯრით 796), მეორეს – ცოტა ხნის შემდეგ და ორივეჯერ ქვეყანას დიდი ზარალი მოსვლია. ასეთივე შედეგით დამთავრებულა სხვა შემოსევებიც.

ბ. სილაგაძე