დალაი, ქართული ხალხური სამგლოვიარო ლექს-სიმღერა.
სახელწოდება მომდინარეობს რეფრენიდან („დალაჲ"...), რ-იც ლექსის ყოველ ტაეპს ერთვის. შემორჩენილია თუშურ ზეპირსიტყვიერებაში, დაკავშირებულია გარდაცვლილის წლისთავზე გამართულ სამგლოვიარო რიტუალთან. დ-ს შესრულების წესს დალაობა ეწოდება. ის მითოლ. წარმოშობისაა, ტექსტი მიცვალებულის კულტთან არის დაკავშირებული.
დალაობა დღესაც დაცულია თუშეთში. დ. სრულიად განცალკევებით დგას მთელ ქართ. ხალხ. მუსიკალურ შემოქმედებაში – სრულდება მთქმელისა და უნისონური გუნდის მონაცვლეობით, მხედარმოდალავე (დ-ს წარმომთქმელი) სევდიანი კილოთი იწყებს: „დალაჲ თქვით, დალაჲ, მხედრებო", გუნდი უპასუხებს: „დალაჲ ჰე, დალაჲ ჰე". არის მოსაზრება, რომ თუშეთში დ. შევიდა ჩაჩნეთ-ინგუშეთიდან და დაღესტნიდან (დარგუულ მუს. ფოლკლორში დ. სიმღერას ნიშნავს). დაღესტანში დ-ს სამგლოვიარო შინაარსი არა აქვს, ჩაჩნეთ-ინგუშეთში კი გლოვასთან არის დაკავშირებული.
ლიტ. : ა ს ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი შ., ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, [ნაწ.] 2, თბ., 1956; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., თუშეთი, ტფ., 1933; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960.
ფ. ზანდუკელი
ი. ჟორდანია