ასკილი

ასკილი, ველური ვარდი (Rosa), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. სწორმდგომი, იშვიათად – ხვიარა, ეკლიანი ბუჩქებია. ვარდისფერი, თეთრი, უფრო იშვიათად ყვითელი ყვავილები აქვთ. მეტწილად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპ. რ-ნებში. ცნობილია ამ გვარის 400-მდე სახეობა, საქართველოში – 30, მათგან 6 – საქართველოს, 9 – კავკასიის ენდემია; იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყისპირებსა და ველობებზე, ბუჩქნარებში, იშვიათად ქვეტყეში, მდინარის ნაპირებსა და გზის გაყოლებაზე, ასევე კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. შეიცავს B2, P, K ვიტამინებს, A პროვიტამინს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – C ვიტამინს. ა-ის ნაყენს და ექსტრაქტს (ქოლოსასი) ხმარობენ ღვიძლის დაავადებისას და შარდმდენ საშუალებად. ა-ს იყენებენ ბაღის ვარდის საძირედ, ცოცხალ ღობედ და დეკორ. მებაღეობაში.

ზ. შენგელია