ასლან I ჯაყელი (გ. 1679), ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1659–79, როსტომ-ფაშას ძე. მისი მმართველობის დროს გახშირდა მესხთა ზედაფენების ოჯახთა გამაჰმადიანება. ამ პერიოდში დას. საქართველოს მმართველობა ოსმალეთს ახალციხის საფაშოსათვის ჰქონდა დავალებული. ა. I-თან ხშირად ჩადიოდნენ იმერეთის მეფე, სამეგრელოს, გურიისა და აფხ. მთავრები და ფეოდალები. ტახტზე ასვლისათანავე ა. I იმერეთის საქმეების მოსაგვარებლად გაემგზავრა და ქუთაისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა. ტახტიდან ჩამოგდებული ბაგრატ IV ისევ აღადგინა, მაგრამ ქრთამის მოყვარულმა ფაშამ სამეფოში სიმშვიდე მაინც ვერ დაამყარა. შემდგომში, როცა იმერეთში ქართლიდან მოწვეული არჩილ II გამეფდა, ა. I-მა მასთან გააბა ურთიერთობა, რაც სულთნის კარმა საშიშად მიიჩნია. ამ ეჭვიანობის ნიადაგზე ა. I სიკვდილით დასაჯეს. მისი ერთი ქალიშვილი – ელენე სპარს. დედოფალი იყო, ხოლო მეორე – თამარი ს.-ს. ორბელიანის მეუღლე.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ლ ო მ ს ა ძ ე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX ს. შუაწლებამდე), თბ., 1975.
შ. ლომსაძე