ასლანიშვილი იოსებ ანტონის ძე (27. I. 1891, ქუთაისი, – 11. XI. 1955, თბილისი), ექიმ-ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი და საზ. მოღვაწე. მედ. მეცნ. კანდიდატი (1936), დოცენტი (1940), საქართვ. დამს. ექიმი (1946). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1946). ენდემური ჩიყვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. 1914 დაამთავრა ოდესის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. მუშაობდა სამრეწვ. ტრავმატიზმის, ქირურგ., ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთამსვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. 1939–55 იყო ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის სწავლული მდივანი. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, მთარაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. 1932 თბილისში დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია; 1936 ლაბორატორია გადაკეთდა რესპ. ენდოკრინოლოგიურ დისპანსერად, რ-საც 1955-მდე ხელმძღვანელობდა. გარდაცვალების შემდეგ დისპანსერს მისი სახელი მიენიჭა. 1923 მონაწილეობდა ა. დიდებულიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართ. გეოფიზ. ექსპედიციაში მყინვარწვერზე, რ-მაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართ. ალპინიზმის განვითარებას. ა. საქართვ. ა. ჯაფარიძის სახ. ალპ. კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936). იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ბის გამგეობის წევრი, ჟურნალების „შევარდენის“ (1920, 1922), „თეატრი და მუსიკის“ (1919), „ხელოვნების“ (1919–21), „თანამედროვე მედიცინის“ (1924–33); „თბილისისა და მისი მიდამოების გზამკვლევისა“ (1925, რუს. ენაზე) და სხვათა რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე.
თხზ.: ენდემური ჩიყვი საქართველოში, ტფ., 1924; ჩიყვი სვანეთში, ტფ., 1926; Достижения советского альпинизма в Грузии за 1923–24 гг., Тб., 1935; Эндемический зоб в Грузии и пути его профилактики и лечения, Тб., 1935; Тиреотоксикозы в Грузии и их лечение, Тб., 1949.