ასლანიშვილი სოლომონ ევლამპის ძე (6. XI. 1851, სოფ. ბავრა, ახალქალაქის მაზრა, ახლანდ. ახალქალაქის რ-ნი, – XII. 1924, თბილისი), პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, მესხურ-ჯავახური ფოლკლორის შემკრები.
დაამთავრა ახალქალაქის სამაზრო სკოლა და ქართვ. კათოლიკეთა საშ. სასწავლებელი. 1876-იდან ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურე იყო სურამში, არტაანში, არტანუჯში. წერდა „ბავრელის“ ფსევდონიმით. კორესპონდენციებს ბეჭდავდა „დროებაში“ (1874-იდან), „ივერიაში“, „თეატრში“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორესპონდენციების ციკლი და მიმოხილვანი სამხრ. საქართვ. რეგიონების საზ. ცხოვრების შესახებ სათაურით „საქართველოს მატიანე“. მათში მოცემულია ე. წ. „ოსმალო საქართველოს“ ქართვ. მოსახლეობის ისტორია და თანამედროვე ბედი. აღწერილი აქვს (ისტორიულად, ეთნოგრაფიულად, დემოგრაფიულად) მრავალი დასახლ., საქრისტიანო საკულტო და თავდაცვითი ნაგებობანი, სოფლები და ქ-ები, სადაც ქართვ. მოსახლეობა იყო. „ივერიაში“ გამოაქვეყნა „მგზავრის შენიშვნები“ და სხვ. მისი წერილები თუ შენიშვნები აღსავსეა მნიშვნელოვანი ცნობებით საქართვ. იმ ტერიტორიების შესახებ, რ-ებიც ახლა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა მოქცეული. სამხრ. საქართველოში დევნილმა ა-მა გ. ვოლსკის (უმწიფარიძის) დახმარებით მუშაობა დაიწყო ქუთაისში, ბოლოს (1905-იდან) – თბილისში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ქართვ. კათოლიკეთა კომიტეტში. ხელნაწერებად დარჩა ქართ.-თურქ. სახელმძღვანელო, შედგენილი ქართვ. მაჰმადიანთათვის, ქართ.-თურქ. ლექსიკონი და სხვ.
ლიტ.: ქართველი კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე, აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძისაგან, თბ., 1905.
ს. ხუციშვილი