ასომთავრული

ასომთავრული, ქართული ანბანის ერთ-ერთი, უძველესი სახეობა. ა-ის დამწერლობის ადრეული ნიმუშები ცნობილია ეპიგრაფიკული ძეგლების (ქვა, მოზაიკა, ლითონი) და ეტრატზე (ტყავზე) ნაწერი ხელნაწერების სახით. პირველი დათარიღებული ძეგლი, რ-მაც ჩვენამდე მოაღწია საქართვ. ტერიტორიაზე, ბოლნისის სიონის 493/494 სამშენებლო წარწერაა.

ა-ით გადაწერილი ხელნაწერები XI ს. ჩათვლით გვხვდება. შემდგომ საუკუნეებში იგი რჩება ეპიგრაფიკული წარწერების (მონუმენტური დამწერლობის ასოები ლაპიდარულ წარწერებში შორიდან ადვილად აღიქმება) და ნუსხურით გადაწერილ ხელნაწერებში საზედაო ასოების შესასრულებლად (მთავრული ასოებით ასევე აღინიშნებოდა სათაურები, პაგინაცია), რამაც განაპირობა მისი სახელწ. „ასომთავარი“. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში მას „მრგვლოვანი“ დამწერლობაც ეწოდება. ა-სა და ნუსხურს ასევე „ხუცურ“ დამწერლობას უწოდებენ, რადგან დამწერლობის ამ სახეობებით სას. პირები სარგებლობდნენ.

ა. სტილისტურად ერთიანი გრაფ. სისტემაა. იგი ერთბაშად, ერთდროულად არის შექმნილი, რაც, თავის მხრივ გამორიცხავს რომელიმე ასო-ნიშნის სხვა ანბანთაგან შექმნის შესაძლებლობას (ე. მაჭავარიანი). ივ. ჯავახიშვილის აზრით, ძვ. ქართ. დამწერლობა წარმოიშვა ფინიკიური ანბანის ასო-ნიშანთა თანდათანობითი გარდაქმნის გზით. ა-ის გრაფ. სისტემა მარტივი გეომ. ელემენტებისაგან – წრეწირისა და წრფისაგან არის შედგენილი. გრაფიკაში მოქმედი ყველა ელემენტი ერთმანეთისადმი გარკვეულ პროპორციულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ყველა ასოს მოხაზულობა ჩაწერილია უხილავ ჩარჩოში, რ-იც კვადრატს ან მის ნახევარს შეადგენს (აქედან გამომდინარე, ყველა ასო ორხაზოვან ბადეშია მოთავსებული და ერთნაირი სიმაღლისაა). ა-ის ძირითადი ნაწილი ვერტიკალზეა აგებული (რკალი, წრეწირი და ჰორიზონტალი), ნაწილს კი წრიული მოხაზულობა აქვს. ერთადერთ გამონაკლისს შეადგენს „ჯ“ ბგერის აღმნიშვნელი ნიშანი, რ-იც ქრისტეს ინიციალების (Ⴈ და Ⴕ) დიაგონალურად გადაკვეთის შედეგადაა შექმნილი და რ-იც ქართ. ანბანში ქრისტიანობის მიღების შემდგომ დამკვიდრდა, როგორც ქრისტეს მონოგრამა. მთავრულ ასოთა დაწერილობის მოხაზულობა რთულია. იგი ხელის რამდენჯერმე აღებით სრულდება.

ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების გრაფ. თვალსაზრისით და ქრონოლოგიური თანამიმდევრობით შესწავლამ ცხადყო, რომ მთავრულ ასოთა მოხაზულობამ დღემდე განვითარების რთული გზა განვლო. ა-ის თანდათანობითი გრაფ. ცვლილებების შედეგად მივიღეთ ჯერ ნუსხური, ხოლო შემდეგ მხედრული დამწერლობა.

ლიტ.: გამყრელიძე თ., წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბ., 1989; მწიგნობრობაჲ ქართული. ალბომი, შემდგ. ე.მაჭავარიანი, თბ., 1989; პატარიძე რ., ქართული ასომთავრული, თბ., 1980; ჯავახიშვილი ივ., ქართული დამწერლობათ-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949.

ე. მაჭავარიანი