ასპარაშენი

ასპარაშენი, ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრ. საქართველოში, ტაოს პროვინციის იშხანის მხარეში (ახლანდ. თურქეთის ტერიტ.). მდებარეობს ოლთისისწყლის (ახლანდ. ოლთუჩაი) მარჯვ. მხარეს, სოფ. იშხნიდან ჩრდ.-აღმ-ით. 1917, ე. თაყაიშვილის თურქეთში მოგზაურობის დროს, ციხე ძლიერ დანგრეული ყოფილა. ა. პირველად იხსენიება 1289, როცა დემეტრე II-მ „ყრმა მცირე გიორგი [V (გიორგი ბრწყინვალე)] წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარაშენს...“ უკანასკნელად ა. გვხვდება XV–XVI სს-ით დათარიღებულ წერილში. ამ დროს ის სამცხის ათაბაგთა ხელში იყო. 1549–50 წლებში ტაო დაიპყრეს ოსმალებმა და, როგორც ჩანს, ა. მათ ხელში გადავიდა.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960.

ა. თოდრია