ასპარეზი

ასპარეზი (<სპარს. ასბრიზ – ცხენის სარბიელი), მოედანი ფეოდალური თბილისის გარეუბანში. ახლანდ. 9 აპრილის სახ. ბაღისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე. ა. XVIII ს-ში ქალაქის ჩრდ. საზღვარი იყო. მოედნის ფართ. დაახლ. 135,6 ათ. მ²-ს შეადგენდა. აქ იმართებოდა სპორტ. თამაშობანი, შეჯიბრებები (ჯირითი, ყაბახი, ბურთაობა) და სამხ. ვარჯიში. მოგვიანებით ა-ს „ყაბახსაც“ უწოდებდნენ. 1820-იდან მოედნის ერთ ნაწილში დაიწყო კერძო და სახელმწ. სახლების მშენებლობა; დარჩენილ ნაწილს ალექსანდრეს (იმპ. ალექსანდრე I-ის პატივსაცემად) მოედანი უწოდეს, აქ შემდეგ მეფისნაცვლის ა. ბარიატინსკის ბრძანებით ბაღი გაშენდა (ახლანდ. 9 აპრილის სახ. ბაღი).

ლიტ.: ბერიძე ვ., მე-18 საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, «ანალები», 1947, [ტ.] 1; Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866.