ასპინძის მუნიციპალიტეტი, ადმინიტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი). ა. მ-ის სამხრ. საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწ. საზღვარს, დას-ით ესაზღვრება ახალციხის, ჩრდ-ით – ბორჯომის, აღმ-ით – ახალქალაქის მუნიციპ-ები. ფართ. 825,0 კმ². მოსახლ. 10,4 ათ. კაცი (2014). ცენტრი – დაბა ასპინძა. ა. მ-ში არის 1 დაბა, 24 სოფელი, 4 სათავო სოფელი: აწყვიტის, დამალის, ოთის, რუსთავის; 7 თემი: ვარგავის, იდუმალის, ნაქალაქევის, ორგორის, ტოლოშის, ძველის, ხიზაბავრის.
ისტორიული ცნობა. ა. მ. მოიცავს ისტორიულ ადმ.-ტერ. ერთეულებს: ოშორის ხევს, ასპინძის ხევს და ქვემო ჯავახეთს. XVI ს. ბოლოს სამხრ. საქართველო ოსმალეთმა დაიპყრო. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (XVI ს.) ამ ერთეულების შესატყვისად ასახელებს ახალციხის ლივაში შემავალ ასპინძის ადმ. ერთეულს, ხერთვისის ლივაში შემავალ ბუზმარეთის ადმ. ერთეულს, ახალქალაქის ლივაში შემავალ თმოგვისა და ნიალისყურის ადმ. ერთეულებს. რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად, ეს ტერიტ. რუს. იმპერიას გადაეცა. 1930-მდე ახლანდ. ა. მ-ის ტერიტ. შედიოდა ახალციხის მაზრაში, 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად, 1933-მდე ეწოდებოდა ტოლოშის რ-ნი, 1962–64 შედიოდა ახალციხის რ-ნში, 1965-იდან კვლავ გამოიყო ახლანდ. საზღვრებში.
ბუნება. ა. მ. მოიცავს ახალციხის მთათაშუა ქვაბულის აღმ. მონაკვეთს, რ-ის სამხრ. ნაწილში ერუშეთის ქედის ჩრდ.-აღმ. და აღმ. კალთებია, ხოლო ჩრდ-ით – თრიალეთის ქედის ციცაბო სამხრ. კალთა, სადაც ღრმად ჩაჭრილ ხეობებს შორის კარგადაა გამოკვეთილი წყალგამყოფი ქედები (ოშორის, ველისქედის და სხვ.). აღმ-ით მუნიციპ-ს ახალქალაქის პლატო აკრავს. სოფ. ხერთვისის სამხრ-ით ვრცელდება მდ. მტკვრის ღრმა კანიონისებრი ხეობა. ტერიტ. აგებულია უმთავრესად ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტური და დაციტური ლავებით, აგრეთვე მიოცენ-პლიოცენური დოლერიტებით, ბაზალტებით, ანდეზიტებით, ტუფებით, კონგლომერატებითა და ტუფქვიშაქვებით. მტკვრის ხეობაში გავრცელებულია ზედაეოცენური თიხები, ქვიშაქვები, მერგელები, კონგლომერატები. მუნიციპ-ის ჩრდ. ნაწილი აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-კონგლომერატებით, იშვიათად – მერგელებითა და ქვიშაქვებით. მეოთხეული ნალექები წარმოდგენილია ალუვიონითა და დელუვიონით. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ბაზალტი (საყუდებელი, ორგორა, ტოლოში), მარმარილო და დიატომიტი (ჭობარეთი), ტუფი (ვარგავი, ძველი), ანდეზიტი (ხიზაბავრა, სარო), ტეშენიტი (ნაქალაქევი, ტოლოში). სამკურნ. მინერ. წყლებია ასპინძასა და ნაქალაქევში.
მუნიციპ-ის დაბალ ზონაში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი, თოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 9,40C, იანვ. –2,20C, აგვ. 20,30C; აბსოლ. მინ. –290C, აბსოლ. მაქს. 390C. უფრო ზევით ასევე მთიანეთის სტეპის ჰავაა, მაგრამ იცის ხანგრძლივი გრილი ზაფხული. თრიალეთის ქედის კალთებზე არის ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავა. ზამთარი ცივია და თოვლიანი, ზაფხული – ხანგრძლივი. 1250 მ-მდე ნალექები 500–585 მმ-მდეა წელიწადში, უფრო ზემოთ – მეტი.
მუნიციპ-ის მთავარი მდინარეა მტკვარი შენაკადებით: ფარავანი, ოშორა, ოთა, ხევისწყალი და სხვ., რ-ებიც თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობენ. მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, თმოგვსა და ხერთვისს შორის, მდებარეობს წუნდის ტბა.
დაბალ ზონაში უმთავრესად საშ. და დიდი სისქის თიხნარი, ტყის ტიპური ყავისფერი ნიადაგებია. ერუშეთის ქედის კალთაზე, ვულკ. ქანების გამოფიტვის ქერქზე, დიდი ფართობი უჭირავს საშ. სისქის ხირხატიან მთის შავმიწებს. ამავე ქედზეა განვითარებული მძიმე თიხნარი და თიხიანი შავმიწისებრი მთა-მდელოს ნიადაგები, როგორც ერუშეთის, ისე თრიალეთის ქედის კალთებზე, ტყის ზონის ფარგლებში გავრცელებულია ტყის ტიპური, ღია და გაეწრებული ყომრალი ნიადაგები. ბევრგანაა ძლიერ გადარეცხილი ნიადაგი და გაშიშვლებული ქანები.
მთის ტყის ქვედა ზონაში მუხისა და რცხილის ტყეა, რ-თაც ზემოთ მთის ფიჭვნარი ცვლის. ზედა ზონაში წიფლის ტყეა. თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე არის წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეც, მტკვრის გაყოლებით, ხეობის დაბალ ზონაში, გავრცელებულია სტეპის ბალახეულობა და კლდეთა ქსეროფიტები. ქსეროფიტული მცენარეულობა მეორეული წარმოშობისაა და ტყის გაჩეხის შედეგადაა განვითარებული. ტყის ზონის ზემოთ სუბალპ. და ალპ. მდელოებია, რ-ებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული.
მუნიციპ-ში გავრცელებულია მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, ბრუცა, წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია. ზოგ ადგილებში ბინადრობს კაკაბი. მრავალგანაა მწყერი, გარეული მტრედი, გვრიტი, ყვავი. მაღალ მთებში ცხოვრობს კავკასიური როჭო. ზოგან გვხვდება გველხოკერა, ხვლიკი, გველი, გომბეშო, ტყის ბაყაყი. მდ-ებში იცის კალმახი, ხრამული, მურწა, წვერა, ქაშაპი, ტობი და სხვ.
ძირითადი ლანდშაფტები: 1. ქვაბულის ტერასული ძირი მთის სტეპური და ჯაგეკლიანი მცენარეულობით რუხ ყავისფერ ნიადაგზე; 2. დაბალ- და საშუალმთის ტყის ლანდშაფტი მუხნარ-რცხილნარით, წიფლნარით და ფიჭვნარ-წიფლნარ-მუქწიწვოვნებით ტყის ტიპურ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე; 3. მთა-მდელოს (სუბალპ. და ალპ.) ლანდშაფტი შავმიწისებრ, მთის შავმიწა და მთის მდელოს ნიადაგებზე.
მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან. ცხოვრობენ აგრეთვე სომხები. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 1000 – 1600 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 12,6 კაცი 1 კმ2-ზე (2014).
1830 რუს. მთავრობამ არზრუმის მხრიდან საქართველოში გადმოასახლა სომხ. მოსახლეობა. ა. მ-ის სომხობაც (სოფ. დამალა) მაშინაა მოსული. 1944 ჩამოასახლეს ზემო იმერლები და მთიულები, რ-ებიც მუნიციპ-ის უმეტეს სოფლებში სახლობენ. ა. მ-შივე გადმოიყვანეს მიწისძვრით დაზარალებული ოჯახები აჭარიდან (რუსთავი, ოშორა).
მეურნეობა. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მიწათმოქმედება, მეხილეობა და მეცხოველეობა. მუნიციპ-ის მთელი ფართობის 65,4%) უჭირავს სას.-სამ. სავარგულს. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული, კარტოფილი.
მუნიციპ-ში დღემდეა შემორჩენილი ძველი, მრავალსაფეხურიანი ხელოვნური ტერასები (სოფლებში ხიზაბავრაში, ტოლოშში, საროსა და სხვ.), რ-ებზედაც ხეხილის ბაღებია გაშენებული. შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს იძლევა მეცხვარეობა და მესაქონლეობა.
მრეწვ. სუსტადაა განვითარებული და უმთავრესად ადგილ. მნიშვნელობისაა, არის ბაზალტის ქვის სახერხი საამქროები, მინერ. წყლის „ვარძიის“ ჩამოსასხმელი ქ-ნა, ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქრო, სამკერვალო და საკონდიტრო ფ-კები.
ა. მ-ზე გადის ბათუმ–ახალციხე–გიუმრის საავტ. გზა.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ა. მ-ში არის საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ხელოვნ., ისტ. და არქიტ. მუზეუმ-ნაკრძალი „ვარძია“, შოთა რუსთაველის მემორიალი, სახალხო თეატრი.
მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება კურორტები ასპინძა, ვარძია, სს „ევექსის კლინიკები“.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპ-ის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ზედა თმოგვის, ჯაბიეთის, ახაშენის, ღართის, ძველი აგარის, გიორგიწმინდის, ალანძის, ზედა ვარძიის, წუნდის, გავეთის, ქარზამეთის ეკლესიები, ვანის ქვაბები, თმოგვის ციხე, ხერთვისის ციხე, კოხტას თავი, საროს ციხე, ვარაზციხე (კლდეკარი), მგელციხე (ყველა შუა საუკუნეები), კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია, ბერისხევის სავანე, ვარნეთის სამონასტრო კომპლექსი, შორეთის მონასტერი და ციხე, აგრეთვე VIII–XVI სს. მრავალი ეკლესია, ციხესიმაგრე, გამოქვაბული კომპლექსი: ასპინძის, თმოგვის, ნაქალაქევის, ხიზაბავრის, რუსთავის, ხერთვისის მიდამოებში; კლდეში ნაკვეთი ნასოფლარები – ფია, ჭაჭკარი და ანანაური.
დ. უკლება
ნ. დევიძე
დ. ბერძენიშვილი