ასფურცელა (Tanacetum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ 60–100 სმ-მდე სიმაღლის ღერო, ფრთისებრ განკვეთილი ან დაყოფილი ფოთლები და კალათა ყვავილედებად შეკრებილი მილისებრი ყვითელი ყვავილები. ა-ს ყველა ნაწილი, განსაკუთრებით კი ყვავილები და თესლურები, ყვითელი გაბნეული ჯირკვლებითაა მოფენილი. ცნობილია ა-ს 80-მდე სახეობა; საქართველოში გავრცელებულია 2 – T. vulgare და T. millefoliatum, რ-ებიც ქვიან, მშრალ ადგილებზე იზრდებიან მთის ქვედა და შუა სარტყელში; პირველი ფართოდ გავრცელებული სახეობაა ევროპაში, საქართველოში მხოლოდ აფხაზეთსა და მთიულეთში გვხვდება; მეორე – ამიერკავკასია-აღმ. ანატოლიის სახეობაა, საქართველოში მარტო მესხეთსა და ჯავახეთში იზრდება. T. vulgare სამკურნალო მცენარეა, მისი მიწისზედა ორგანოები ეთერზეთოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.
ლ. ხინთიბიძე