ასხის მასივი

ასხის მასივი, მასივი ხონის, ცაგერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრ. კალთის კირქვულ ზოლში, მდ-ებს ტეხურასა და ცხენისწყალს შორის. ფართ. 413 კმ², უმაღლესი მწვერვალი – გადრეკილი (2519 მ). მასივი ცნობილია კარსტული წარმონაქმნებით (თურჩუს, ტობის, ჯორწყუს, რაჩხის, წაჩხურის მღვიმეები). 2000–2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს სამკუთხედის ფორმის უტყეო პლატო „მოედანი“, რ-ზეც მრავალი კარსტული ძაბრია. მასივის ზედა ნაწილში სუბალპ. და ალპ. მდელოებია, ქვემოთ – წიფლის ტყეები.

2009 წ. მონაცემებით ა. მ-ში გამოკვლეული სიღრუეების საერთო რიცხვი 70-ს აღწევს. მ. შ. ვერტიკალური (ჭები, შახტები) და ჰორიზონტალური (მღვიმეები) სიღრუეების რიცხვი თითქმის თანაბრად ნაწილდება. მათი ჯამური სიღრმე 2000 მ, ხოლო სიგრძე 4000 მ მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.

ლ. მარუაშვილი