აგელენა

ლაბირინთიანი ობობა (Agelena labyrinthica)

აგელენა, ლაბირინთიანი ობობა (Agelena labyrinthica), ფეხსახსრიანი ცხოველი ძაბრიან ობობასებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძე 13 – 22 მმ. აღწევს. თავ-მკერდი მორუხო-ყვითელი აქვს და ორი მუქი ზოლი გასდევს; მუცელი – მუქი, მორუხო ბეწვით დაფარული. ბინადრობს ველზე. ქსოვს ძაბრისებრ ქსელს, რ-იც ბალახებსა და მცირე ზომის ბუჩქებზეა გადაჭიმული. იკვებება მწერებით. ა. საინტერესოა როგორც გინანდრომორფული ცხოველი (ანომალია, რ-ის დროსაც ერთი და იმავე ორგანიზმის სხეულის დიდი ნაწილები შეიცავენ სხვადასხვა სქესის გენოტიპსა და ნიშანთვისებებს). ა. საქართველოში, მანგლისში პირველად 1961 აღმოაჩინა თ. მხეიძემ.

თ. მხეიძე