აგრბა აზიზ რაშიდის ძე

აგრბა აზიზ რაშიდის ძე [2 (15). VI. 1912, სოფ. ყულანურხვა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – 6. VI. 1991], აფხაზი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სახ. არტისტი (1954), აფხაზეთის სახ. არტისტი (1971).

1931-იდან აფხ. თეატრის (სოხუმი) მსახიობია. 1934 დაამთავრა სოხუმის დრამ. სტუდია. 1935–36 სწავლობდა მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე, 1936–38 რუსთაველის სახ. თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიის აფხ. სექციაში. 1939–63 სოხუმის აფხ. თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ა-ს სცენური შემოქმედება გამოირჩევა უშუალობით, ხალხურობით, სისადავით, მაღალი ოსტატობით. შექმნა ჰეროიკული და კომ. სცენური სახეები: სეიდიყი (მ. ლაკერბაის „დანაყაი“), კელეში (გ. გულიას „შავი სტუმრები“), ანანია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბათაყვა (გ. გაბუნიას „მზის ამოსვლის წინ“), ესოპე (გ. ფიგეირედუს „ესოპე“), რაშიდი (ს. ჭანბას „მოჰაჯირები“), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“) და სხვ. ა-ს მიერ დადგმული სპექტაკლები: ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“ (1959), უ. შექსპირის „ოტელო“ (1941), გ. გულიას „შავი სტუმრები“ (1951), ვ. აგრბას „გამარჯვება“ და სხვ. დ. გულიას სახ. პრემიის ლაურეატი (1978).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

შ. ცუცქირიძე