არადეთი

არადეთი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. აღმოსავლეთის ფრონის მარჯვ. ნაპირას, ქარელ–გორის საავტ. გზაზე. ზ. დ. 660 მ, ქარელიდან 7 კმ. 432 მცხ. (2014).

ა. იხსენიება XI ს-ში განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ ა. კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 ა-ის მიდამოებში ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე ათაბაგი (იხ. არადეთის ბრძოლა 1483). XV–XVI სს-ში ა. საამილახვროში შედიოდა. XVII ს.დასაწყისში თეიმურაზ I-მა ა. მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 ერეკლე II-მ ა. თავად წერეთელს უბოძა.

სოფელში შემონახულია რიყის ქვით ნაგები XVII ს. ციხე-დარბაზის კომპლექსი. გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედელი 4 კოშკით, მათგან უკეთეს მდგომარეობაშია სამხრ.-აღმოსავლეთისა, რ-იც ოთხსართულიანია და საცხოვრ.-თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. ციხის ჩრდ.-აღმ. კუთხეში გამოყენებულია ეკლესიის კედელი და აგებულია ორი კოშკი, მათგან ერთი ცილინდრულია, მეორე – ოთხკუთხა (ძლიერ დაზიანებულია). გალავნის შუაში კიდევ ერთი ნახევრად ცილინდრული კოშკის ნაშთია. წყალი მდ. ფრონიდან გვირაბის მეშვეობით ამოჰქონდათ. ციხის ჩრდ.-აღმ. მხარეს კლდის ქვით ნაგები წმ. საბას სახელობის (ახლა შიგნით და გარეთ შეთეთრებული) ერთნავიანი ეკლესიაა. მხოლოდ საკურთხევლის კონქშია მაცხოვრის ფრესკა და ასომთავრული წარწერა. სამხრ. კარიბჭის წარწერიდან ირკვევა, რომ ეკლესია 1666 ვახტანგ V-ის მეუღლეს მარიამ დედოფალს აუშენებია.

ა-ის სამხრ.-აღმ-ით ერთნავიანი ეკლესიის – „სალარიანთ საყდრის“ ნანგრევებია (გვიანდ. შუა საუკ.). ჩრდ-ით დგას წმ. გიორგის VIII–IX სს. ერთნავიანი ეკლესია. ძეგლი რესტავრირებულია XX ს. 70-იანი წლების დასასრ. (პროექტის ავტორი არქიტ. ი. ვარსიმაშვილი, ხელმძღვ. რ. გვერდწითელი). ა-ში ნაპოვნია ანტ. ხანის მოოქრული თაბაშირის ქალღმერთის მცირე ზომის ქანდაკების თავი. ა-ში აღმოჩნდა აგრეთვე ქვაჯვარის კვარცხლბეკი, რ-ის X–XI სს. წარწერაში მოხსენიებული არიან „მარადელნი მამასახლისნი“ (დაცულია საქართვ. სახელმწ. მუზეუმში). იხ. აგრეთვე არადეთის ორგორა და დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები.

ლიტ.: ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973; ლომიტაშვილი დ., არადეთი, წგ.: მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ნაკვ. 1, თბ., 1982; მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.

ჯ. გვასალია

ი. გაგოშიძე