არალი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის მარჯვ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., წარბასთუმანი). ზ. დ. 1120 მ, ადიგენიდან 17 კმ. 1,3 ათ. მცხ. (2014).
ა. ძვ. ქართ. სოფელია. მდებარეობს ისტ. სამცხეში. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). იმ დროისათვის ა-ში 18 კომლია აღრიცხული.
სოფელში ორი ეკლესიაა: ერთი – მამა იოსების სახელობისა, 1860 აგებული დიდი შენობაა, მას სამრეკლოც ახლავს. მეორე – ძვ. ეკლესიის ნანგრევები, შუა სოფელშია. შედარებით უკეთაა შემორჩენილი გათლილი კვადრების რეგულ. წყობით ნაგები ჩრდ. კედელი. დანარჩენი ნაწილები გვიანდ. ხანისაა. საკურთხეველში განვითარებული შუა საუკ. კანკელის ორი ნატეხია, რ-თაც ამკობს მაღალი ხელოვნებით შესრულებული წნული ჩუქურთმები, ორლილვიანი გრეხილი ჩარჩო. ეკლესიის სამხრ-ით ბრტყელ ბაზისში ჩასმული მაღალი ქვაჯვარია (2,7 მ) – სადა სვეტი, რ-საც ზემოდან ახლა რკინის ჯვარი ადგას. დას-იდან სვეტის ზედა ნაწილში, ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, რ-იც IX–X სს. უნდა იყოს. ეკლესიასთან არის სტელის კიდევ ერთი ნატეხი და ცხვრის ქანდაკების სახის საფლავის ქვა.
ლიტ.: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941.
დ. ბერძენიშვილი