არამეული დამწერლობა, ყველაზე გავრცელებული ჩრდ. სემიტური დამწერლობა, რ-იც ფინიკიური დამწერლობისაგან განვითარდა და ძვ. წ. VIII ს-ში დამოუკიდებელი სახე მიიღო.
არამ. ენის საერთაშ. სტატუსმა ხელი შეუწყო ა. დ-ის ფართოდ გავრცელებას, რის გამოც დიდია მისი გამოყენების დიაპაზონი. მას იყენებდნენ არა მარტო არამეელები, არამედ ყველა ის ხალხი, ვინც ცხოვრობდა აქემენიდთა იმპერიის ვრცელ ტერიტორიაზე, ე. ი. ა. დ. მოიცავდა მცირე აზიას, ახლო და შუა აღმოსავლეთს, ჩრდ-ით აღწევდა კავკასიასაც. აქემენიდთა იმპერიის დაცემის შემდეგ ეცემა არამ. ენის პრესტიჟი და იწყება ა. დ-ის ერთიანი ტიპის „დაშლა“, ვითარდება მთელი რიგი ლოკალური დამწერლობებისა, რ-თა ურთიერთშედარება ადგენს ა. დ-ის სახეობათა რამდენიმე ტიპს, რ-ებიც ორ შტოდ ლაგდება: დასავლური (ებრ.-კვადრატული და ნაბატეური) და აღმოსავლური (ჩრდ. მესოპოტამიური, სამხრ. მესოპოტამიური, პალმირულ-სირ. და პართული). ამ სახეობათა ერთი ნაწილი გამოიყენება საკუთრივ არამეულისა და მისი მონათესავე სემიტური ენებისათვის, მეორე – სრულიად სხვა სისტემების ენათათვის, რ-თა შორის პირველ რიგში უნდა დავასახელოთ საშუალო ირან. ენები (პართული და ფალაური ანუ საშ. სპარსული). სწორედ მათთვის გამოიყენება ა. დ-ის ე. წ. პართული ტიპი, რ-იც განსაკუთრებულ სიახლოვეს ჩრდ. მესოპოტამიურ დამწერლობასთან ავლენს.
ჩრდ. მესოპოტამიურ დამწერლობათა ტიპს განეკუთვნება არმაზული დამწერლობა, რ-ითაც შესრულებული არამ. წარწერები აღმოჩენილია საქართვ. და სომხ. ტერიტორიაზე (I – II სს.). საყურადღებოა, რომ საქართველოში დროთა განმავლობაში გაიზარდა რიცხვი არამ. წარწერებისა, რ-ებიც სხვადასხვა სახის ნივთებზეა გაკეთებული. უმეტესი მათგანი ადგილ. წარმოშობისაა და შესრულებულია არმაზული დამწერლობით, მაგრამ გვხვდება სხვა ტიპის ა. დ-ით შესრულებული მასალაც (მაგ., მცხეთა-სამთავროში აღმოჩენილი ლანგრის წარწერა ა. დ-ის პართულ ტიპს განეკუთვნება, I ს.).
ა. დ. ანბანური დამწერლობაა, რ-იც მხოლოდ თანხმოვნებს გადმოსცემს და შეიცავს 22 ასოს (თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა მეტია). გრძელი ხმოვნების გადმოსაცემად თავდაპირველად იყენებდნენ ასოებს – w, y (ზოგჯერ – ⴢ -სა და h-საც), რ-ებიც შესაძლებელია გამოტოვებულიც ყოფილიყო (დეფექტური დაწერილობა). ამასთანავე გვაქვს შემთხვევები, როდესაც იგივე ასოები გადმოსცემდნენ მოკლე ხმოვნებსაც (განსაკუთრებით უცხოურ საკუთარ სახელებში). ხმოვნების გამოხატვის აღნიშნული პრინციპი მთლიანად გატარდა საშ. არამეულის ერთ-ერთ ლიტერატურულ დიალექტში – მანდეურში (III – VIII სს.). ბიბლიის ტექსტებისათვის შემოღებული ვოკალურ ნიშანთა სისტემა გავრცელდა ბიბლიის არამ. ნაწილზეც (VII ს.), ხოლო სირიულმა შექმნა ხმოვანთა აღნიშვნის ორი სისტემა (იაკობიტური და ნესტორიანული), რ-თაც დღესაც იყენებენ.წერენ არამეულად ერთ ჰორიზ. ხაზზე მარჯვნიდან მარცხნივ.
ლიტ.: წ ე რ ე თ ე ლ ი გ., არამეული დამწერლობა, ქსე, ტ. 1, თბ., 1975; წერეთელი კ., არამეული ენა, თბ., 1982; Naveh J., The development of the Aramaic script, Jerusalem, 1970.
გ. წერეთელი