არამეული ენა, აფრაზიურ ენათა ოჯახის სემიტური შტოს ერთ-ერთი ენა.
მისი უახლოესი მონათესავე ენებია ებრაული და ფინიკიური. ა. ე-ს 3 ათ. წლის წერილობითი ისტორია აქვს. მისი უძველესი ძეგლები ძვ. წ. X – IX სს. განეკუთვნება; მასზე დღესაც მეტყველებენ. ა. ე., რ-ის გავრცელების უძველესი რეგიონი სირიის ცენტრ. ნაწილი (დამასკის რეგიონი) უნდა ყოფილიყო, შემდგომში ფართოდ გავრცელდა და უკვე ძვ. წ. IX ს-ში მოიცვა მთელი სირია, ფინიკია, პალესტინა და მესოპოტამია. ა. ე. სირიიდან აღმ-კენ გავრცელდა, კერძოდ, ასურეთსა და ბაბილონში (ძვ. წ. VIII – VI სს.) და მათი ბატონობის ხანაში საერთაშ. ენის ფუნქციასაც ასრულებდა. აქემენიდთა ხანაში (ძვ. წ. VI – IV სს.) იგი ოფიც. (საკანცელარიო) ენა იყო სპარსეთის ვრცელ იმპერიაში. ასეთი ფუნქციით იგი პართულ ხანაშიც (ძვ. წ. III – ახ. წ. III სს.) გვევლინება, თუმცა მისი ხმარება ბევრად უფრო შეზღუდული იყო (უმეტესწილად გვხვდება სპარს. იმპერიის განაპირა რეგიონში), მაშინ, როცა არამეული დამწერლობა ა. ე-ის ხმარების შეზღუდვის შემდეგაც ირანული სამეფოების ტერიტორიაზეც (არშაკიდებისა და სასანიანების ხანაში) განაგრძობდა არსებობას. მოგვიანებით ის პალესტინის ებრაელთა დედაენა გახდა, რის შედეგადაც ბიბლიის ზოგიერთი ტექსტის ნაწილი (დანიელის, ეზრასა და იერემიას წიგნებში) პალესტინის არამეულ დიალექტზეა დაწერილი (იგი იესო ქრისტესთვისაც დედაენა იყო, ამიტომ ამ ხანის პალესტინის ა. ე-ის დიალექტს ზოგჯერ „იესოს ენას“ უწოდებენ).
ა. ე-ის ასეთი გავრცელების შედეგად ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იგი დაიყო მრავალ დიალექტად. ა. ე-ის მძლავრი ლიტ. დიალექტია სირიული ენა, რ-მაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ქრისტ. აღმოსავლეთის ხალხთა ცხოვრებაში. შუა საუკუნეებში იგი გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქართვ. მწიგნობართა შორისაც.
ა. ე-ს საქართველოში მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. არამეული ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზეც გვხვდება (ვგულისხმობთ ა. ე-ს და არა მხოლოდ არამეულ დამწერლობას). ეს ძეგლებია არმაზის ცნობილი სტელები, რ-თაგანაც ერთი ერთენოვანი არამეული წარწერაა (მონოლინგვა), მეორე კი ორენოვანი – ბერძნ.-არამეული (ბილინგვა), რ-ებიც არამეული დამწერლობის ადგილ. სახეობით (ე. წ. არმაზული დამწერლობით) არის შესრულებული. არამეულით, არმაზული დამწერლობით, არის შესრულებული მთელი რიგი წარწერებისა, რ-ებიც არმაზის სტელების შემდეგ აღმოაჩინეს საქართველოში. ა. ე-ზე დღესაც მეტყველებენ საქართველოში ჯერ კიდევ XIX ს. I ნახევარში (და მოგვიანებითაც) ირანიდან და თურქეთიდან გადმოსახლებული ასურელები.
თანამედროვე ა. ე. (ასურული ენა) საქართველოში წარმოდგენილია რამდენიმე დიალექტით (ურმიის, სალამასის, ვანის, ჯილუს და სხვ.), რ-ებიც აღმოსავლურ არამეულს განეკუთვნებიან. თანამედროვე არამეული, ძვ. არამეულთან შედარებით, საკმაოდ შეცვლილია, ცვლილებები შეეხო ენის სტრუქტურის ყველა დონეს. საქართველოს არამეელთა (ასურელთა) მეტყველებაში გარკვეული ადგილი უკავია ქართ. ლექსიკას.
ლიტ.: წ ე რ ე თ ე ლ ი კ., თანამედროვე ასურული ენის გრამატიკა, თბ., 1968; მისივე, არამეული ენა საქართველოში, «მნათობი», 1976, № 6; მისივე, არამეული ენა, თბ., 1982; Beyer K., The Aramaic language, Gōtt., 1986.
კ. წერეთელი