არზა

არზა (<არაბ.-სპარს. არიზე), ხელისუფლისადმი მიმართული წერილობითი თხოვნა თუ საჩივარი ფეოდალურ საქართველოში. შემოსულია სპარსულიდან დაახლ. XVII ს-ში. მანამდე ამგვარ საბუთს აჯა ეწოდებოდა. „არზით საჩივარი“ ჯეროვნად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, ზოგჯერ კი დამატებითი მტკიცებულებით შემაგრებულიც. საქმის გადაწყვეტის ან წარმართვის ბრძანება ა-ს თავზე წაეწერებოდა (ა-ზე შეიძლებოდა მოპასუხის ან მოწმეთა ახსნა-განმარტების მიწერაც). ბრძანებაზე, ისევე როგორც თვით ა-ზე, ჩვეულებრივ, თარიღიც აღინიშნებოდა. მეფის ბრძანებაზე ბეჭდის დასმა და ა-ის დაბრუნება პატრონისათვის მორდალის კომპეტენციაში შედიოდა.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 2 — ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926.

ი. ფუტკარაძე