ართანა

ართანა, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), მდ. დიდხევის (ლოპოტის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 460 მ, თელავიდან 21 კმ. 819 მცხ. (2014).

სოფელი წყაროებში იხსენიება XVIII ს. დასაწყისში. ა-ის მიწები ორი თავადური საგვარეულოს – ყარალაშვილებისა და საგინაშვილების კუთვნილება იყო. კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყული-ხანი) 1722 სიგელი „განწესება სარუსთველო დროშისა“ გვამცნობს, რომ ა. ამ დროისათვის რუსთაველი ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარებულ სამხ. ერთეულში – სადროშოში შედიოდა. ა. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) გაღმამხრის სოფლების სიაში. ა-ის მიდამოებში მრავალი ისტ. ძეგლია. მათგან გამოირჩევა მამა აბრამისა და ცხრაკარას ეკლესიები, რ-ებიც ადრინდ. შუა საუკ. ნაგებობებია. სოფლის სასაფლაოზე შუა ფეოდ. ხანის სამების ეკლესიაა. საფლავის ქვების წარწერებიდან ჩანს, რომ იგი ყარალაშვილების საგვარეულო საყდარი და საძვალე ყოფილა. გარდა ეკლესიებისა, აღსანიშნავია „ლეკიანობის“ დროინდელი (XVIII ს.) რამდენიმე კოშკი და კვადრატული გალავანი (დაახლ. 80X80 მ-ზე). ა-ზე გადიოდა (დღესაც გადის) მნიშვნელოვანი სამეურნეო არტერია, ე. წ. „ცხვრის გზა“, რ-იც დიდხევის ხეობით ერთმანეთთან აკავშირებდა თუშეთის საზაფხულო საძოვრებსა და ალაზან-ივრის ველების ზამთრის საძოვრებს. სოფლის სამხრ.-დას-ით მდებარეობს ნასოფლარი იულთა (ახლანდ. სოფ. ჯუღაანის ტერიტ.).

მ. ფუტკარაძე