ართვინის განძი, ბრინჯაოს ნივთების განძი, ძვ. წ. IX – VIII სს. კოლხური კულტურის არქეოლოგიური ძეგლი, აღმოაჩინეს 1932 ქ. ართვინის (თურქეთი) მახლობლად მიტოვებულ მაღაროში. განძი შედგებოდა 2 კოლხ. ცულის, ვერტიკალურხვრელიანი იარაღის, 2 სეგმენტისებრი იარაღის, თოხისა და ზოდისაგან. ვერტიკალურხვრელიანი იარაღი ხითხუროობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მსგავსი იარაღი აღმოჩენილია ჭოროხის აუზის მეტალ. კერის გავრცელების ფარგლებში: ერთი - ყარა-დერეში (ახლანდ. სოფ. განთიადი, ხელვაჩაურის მუნიციპ.), მეორე - ჩაისუბანი (ქობულეთის მუნიციპ.). ა. გ-ის მიხედვით, კოლხ. კულტ. გავრცელების უკიდურესი სამხრ. საზღვარია ართვინი. ა. გ. ხელოსანს (მდნობელს) ეკუთვნოდა. ნივთები დაცულია ქ. ანკარის ეთნოგრ. მუზეუმში.
ლიტ.: ბიტელი კ., ართვინში აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან გაკეთებული არქეოლოგიური ნაშთები, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ.2, ნაკვ.2; ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
დ. ქორიძე