არიანე ფლავიუს (Arrianus Flavius) (დაახლ. 95–175), ბერძენი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, წარმოშობით ბითინიელი (ქ. ნიკომედეა).
მაღალი თანამდებობა ეჭირა იმპ. ადრიანეს კარზე. ფართო განათლების მქონე ნაყოფიერი მწერალიც იყო. მისი სახელით ჩვენამდე მოღწეული თხზულებებიდან საქართვ. ისტ. თვალსაზრისით საყურადღებოა „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“; თხზულება იმ ლათ. წერილის ბერძნ. (უთუოდ გავრცობილი) ვარიანტია, რ-იც ა-ს ადრიანესათვის გაუგზავნია მისივე დავალებით შავი ზღვის აღმ. სანაპიროს დათვალიერების შემდეგ. ა-მ პირადად მოინახულა სანაპირო ტრაპეზუნტიდან სებასტოპოლისამდე, ხოლო დანარჩენი შავი ზღვის სანაპირო აღწერა წერილობითი წყაროებისა და ზეპირი გადმოცემების საფუძველზე. შესაბამისად, ყველა ნაწილი ერთნაირი ღირებულების არ არის. ის, რაც ასეთი განათლებული, დაკვირვებული თვითმხილველის ანგარიშია იმპერატორისადმი, ფასდაუდებელი წყაროა ძვ. საქართვ. ისტორიისათვის.
ა. აღნიშნავს ყველა ქალაქს, ნავსადგურს, ციხესიმაგრეს, მდინარის შესართავს, რ-თაც კი ჩაუარა ან სადაც გაჩერდა. აღნიშნავს მანძილებს (სტადიონებით) ამ პუნქტთა შორის, ჩამოთვლის აქ მოსახლე ტომებს, ასახელებს მათ მეფეებს, რ-თაგან ზოგს სამეფო ნიშნები რომაელ იმპერატორთაგან აქვთ ბოძებული, ლაპარაკობს ამ ტომთა დამოკიდებულებაზე რომის სამეფოს კართან. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალაქებს (რომის ინტერესების გათვალისწინებით), სადაც მან შეამოწმა ჩაყენებული რომაული ჯარის მდგომარეობა და გასამრჯელო დაარიგა. მას საინტერესო მასალა მოაქვს ტრაპეზუნტელთა ეკონ. მდგომარეობისა და ეთნ. შემადგენლობის შესახებ (ტრაპეზუნტელები ბერძნ. წარწერაში შეცდომებს უშვებენ, რადგან ამ წარწერას ბარბაროსი ასრულებს!). აფსაროსი (ახლანდ. გონიო) რომის იმპერიის საზღვრების დამცველ სიმაგრეთა შორის მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა და იქ კარგად შეიარაღებული 5 რაზმი მდგარა. აფსაროსის შემდეგ ქ. ფასისამდე იხსენიება მდ. ბათვსი (მნიშვნელოვანი ცნობა ქ. ბათუმის ისტორიისათვის). ქ. ფასისის (ახლანდ. ფოთი) შესასვლელთან მდგარა ფასისელი ქალღმერთის ქანდაკება. ა. აღგვიწერს ფასისის ციხესიმაგრეს, მის 400 რჩეულ მეომარს და იმ სამშენებლო სამუშაოებს, რ-ებიც მან ჩაატარა, რათა ქალაქი ბარბაროსთაგან დაეცვა. აგვიწერს სებასტოპოლისს (ახლანდ. სოხუმი), რომაელთა სამფლობელოს უკიდურეს პუნქტს შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე, მის სამხ. ძლიერებას და იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ქალაქს უწინ დიოსკურია ეწოდებოდა და მილეტელთა ახალშენი იყო. სებასტოპოლისიდან ჩრდ. სანაპიროსკენ ა. ასახელებს დასახლ. პუნქტს, ძვ. ლაზიკას (იგივე ნიკოფსისი, შუა საუკ. ნიკოფსია), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ლაზებს, რ-ებიც I ს -იდან სამხრ. ტერიტორიაზე სახლობენ, უწინარეს ხანაში აქ უცხოვრიათ. ტრაპეზუნტიდან ძვ. ლაზიკამდე შემდეგი ტომები ცხოვრობენ: ტრაპეზუნტის აღმ-ით, მდ. ოფისამდე (ახლანდ. სულაკლი) გულადი ტომი, კოლხები სახლობენ; შემდეგ ჭანები (ბერძნ. ფორმით –წანნოი, სანები), კარგი მეომარი, უმეფო ხალხი, რ-იც რომაელთა მიმართ ურჩობას იჩენს (ა. მათ მიმართ რეპრესიებს ურჩევს იმპერატორს); მაკრონები და ჰენიოხები – მათ საერთო მეფე, ანქიალე ჰყავთ, რ-ის რეზიდენცია მდ. პრიტანისთანაა (ახლანდ. ფურტუნა – სუ). ა. არაფერს ამბობს ანქიალეს დამოკიდებულებაზე რომაელებთან, მაგრამ დიონ კასიუსის თანახმად, ამ მეფის მიმართ იმპ. ტრაიანე კეთილად იყო განწყობილი. მაკრონ-ჰენიოხების მეზობლად აფსაროსთან ცხოვრობენ ძიდრიტები, რ-ებიც ფარსმან მეფის ქვეშევრდომები არიან. ეს ცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია იბერიის მეფის, ფარსმან II-ის ძალაუფლების გავრცელების თვალსაზრისით დას. საქართველოს ტერიტორიაზე, თვით შავი ზღვის სანაპირომდე. მდ. აფსაროსიდან მდ. ჰიპოსამდე (ახლანდ. ჭოროხიდან კოდორამდე) მთელი ტერიტორია ლაზებს უჭირავთ. მათი მეფე მალასა ადრიანეს გაუმეფებია. შემდეგ ზღვის პირას და კოდორის ხეობაში ცხოვრობენ აფსილები, რ-თა მეფე იულიანე ტრაიანეს დასმულია. მათ შემდეგ, ისე რომ სებასტოპოლისი მათ ტერიტორიაზეა, მდ. აქეუნტამდე (ახლანდ. შახე) არიან სანიგები, რ-თა მეფეს, სპადაგას, ადრიანესგან მიუღია ძალაუფლება. სანიგებს ზემოთ, მთებში სახლობენ აბასკები, რ-თა მეფე რესმაგა ადრიანეს გამეფებულია. მდ. აქეუნტის შემდეგ, ზღვის პირას არიან ძილქები (ჯიქები), რ-თა მეფე სტაქემფაქსი ასევე ადრიანეს დაყენებულია. ა-ს „მოგზაურობის“ მიხედვით ჩანს, რომ რომს დას. საქართველოში ძირითადად იმპერიის საზღვრების უშიშროების უზრუნველყოფა აინტერესებდა. მის მიერ დასმულ მეფეთა უმთავრესი მოვალეობა ყოფილა ჩრდ. საზღვრის დაცვა ალანთა და ჰუნთა შემოჭრისაგან, რაც ქართ. სამეფოების ინტერესებშიც შედიოდა. სავარაუდოა, რომ ა-მ, როგორც იმპერატორის წარგზავნილმა პირმა, დაათვალიერა შავი ზღვის აღმ. სანაპირო და გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო ალანთა საკითხზე გამართულ მოლაპარაკებაში ფარსმან II-თან და კასპიის კარიც (დარიალი) დაათვალიერა.
თხზ.: მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961; Flavii Arriani, quae axtant omnia, v. 1–2, Lpz., 1967–68.
ლიტ.: ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, თ. ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს გამოც., თბ., 1980.
თ. ყაუხჩიშვილი