„არილი“, კრებული, რ-იც მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს, მაშინ ტფილისის უნ-ტის რექტორს, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ოცდახუთი წლისთავზე (1900–25). გამოიცა 1925. კრებულს წამძღვარებული აქვს მიძღვნა: „ძვირფას მასწავლებელს ივანე ჯავახიშვილს პატივისცემით და სიყვარულით მოწაფეთაგან“. კრებულში დაბეჭდილია ცხრა სტატია, რ-ებიც მოწმობს, რომ იმ დროისათვის უნ-ტში სამეცნ.-კვლ. მუშაობა მაღალ დონეზე იდგა. აქ მოთავსებულია გამოკვლევები ენათმეცნ. დარგში (ა. შანიძე, „უმლაუტი სვანურში“; ვ. თოფურია, „ქართლური“; ა. ჩიქობავა, „გარეკახეთი დიალექტოლოგიურად“; ს. ყაუხჩიშვილი, „ბერძნულ მამაკაცთა სახელების გადმოცემისათვის ქართულში“), გამოქვეყნებულია „ცხოვრება საბა ასურისა“ (ს. ჯანაშიას გამოცემა), წერილები ისტორიის (თ. ლომოური, „სუმბატ დავითის ძისა და გიორგი მერჩულის ცნობები მე-IX–X სს. ქართველ ბაგრატონიანთა შესახებ“), ხელოვნებათმცოდნეობის (შ. ამირანაშვილი, „ქართული კედლის მხატვრობის დასურათებული დედნის ფრაგმენტები“, გ. ჩუბინაშვილი, „ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი“) და ლიტ-რის ისტორიის (გ. ჯაკობია, „ლეილმაჯნუნიანის“ ქართული ვერსიისათვის“) განხრით.
მ. შანიძე