არგონავტების თქმულება

არგონავტების თქმულება, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ციკლი, კოლხეთში არგონავტების ლეგენდარული ლაშქრობის მიზეზების, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ამბავთა ერთიანობა.

ანტ. ლიტ-რაში თითქმის არ არის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ავტორი, რ-საც პირდაპირ თუ ირიბად არ აესახოს თავის შემოქმედებაში ა. თ. ამ წყაროების დაყოფა რამდენიმე ჯგუფად შეიძლება: ა. მხატვრული ნაწარმოებები, რ-ებიც ა. თ-ზე ფრაგმენტულ ან ირიბ ინფორმაციას შეიცავენ: ჰომეროსის (ძვ. წ. VIII ს.) „ილიადა“ და „ოდისეა“ ჰესიოდეს (ძვ. წ. VIII–VII სს.) „თეოგონია“ და სხვა მრავალი თხზულება, რ-ებიც ჩვენამდე სრულად ან ფრაგმენტულად არის მოღწეული; ბ. მხატვრული ნაწარმოებები, რ-ებიც პირდაპირ ამუშავებენ ა. თ-ს. ასეთია, ბერძნ. ლიტ-რაში ევმელე კორინთელის (ძვ. წ. VIII–VII სს.) „კორინთიაკა“, შესაძლოა ეპიმენიდე კნოსოსელის (ძვ. წ. VII ს.) პოემაც, რ-იც ჩვენამდე არ მოღწეულა, პინდარე IV-ის პითიური ოდა, ანტიმაქეს (ძვ. წ. 400) „ლიდე“, ტელესტეს (ძვ. წ. 400) დითირამბი „არგო“. ბერძნ. კლასიკურ დრამაში ფართოდ არის დამუშავებული ა. თ. ეს ავტორები არიან: ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე; ტრაგედიები სათაურით „მედეა“ ჰქონიათ ნეოფრონს (ძვ. წ. IV ს.), დიკაიოგონეს (ძვ. წ. V–IV სს.), მელანთიოსს (ძვ. წ. V ს.), დიოგენეს (ძვ. წ. IV ს.), კარკინეს (ძვ. წ. IV ს.); კომედიები სათაურით „ლემნოსელი ქალები“ – არისტოფანეს, ნიკოქარეს (ძვ. წ. V–IV სს.), ანტიფანეს (ძვ. წ. IV–III სს.), ალექსისს (ძვ. წ. IV–III სს.), დიფილოსს (ძვ. წ. IV–III სს.); კომედია „მედეა“ დაუწერიათ სტრატისს (ძვ. წ. V–IV სს.), კანთაროსს (ძვ. წ. IV ს.), ევბულეს (ძვ. წ. IV ს.), „იასონი“ – ანტიფანესა და ალექსისს. ელინისტურ ეპოქაში კვლავ აღორძინდა ა. თ-ის ეპიკური დამუშავებისადმი ინტერესი. პოემები სახელწოდებით „არგონავტიკა“ დაუწერიათ კლეონს (ძვ. წ. III ს.), თეოლიტოსს (ძვ. წ. III ს.), აპოლონიოს როდოსელს. კალიმაქე (ძვ. წ. IV–III სს.) ა. თ-ს ფართოდ წარმოგვიდგენს „აიტიებში“. ახ. წ. II ს-ში უნდა იყოს შექმნილი „ორფიკული არგონავტიკა“ და სხვ. ა. თ-ის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა რომაული ლიტ-რაც. მედეაზე ტრაგედიებს ქმნიდნენ (ძირითადად ევრიპიდეს „მედეას“ რეცეფციები ან თარგმანები) ენიუსი (ძვ. წ. III–II სს.), აქციუსი (ძვ. წ. II ს.), ოვიდიუსი, ლუკანუსი (I ს.), კურიაციუს მატერნუსი (I ს.), ბასუსი (I ს.), სენეკა; კომედია „მედეა“ კი ტურპილიუსს (ძვ. წ. II ს.) დაუწერია. რომაულ დრამაში დამუშავებულია ა. თ-ის სხვა ეპიზოდებიც. ა. თ. ეპიკურად დაამუშავეს პუბლიუს ტერენციუს ატაცინუს ვარონმა (ძვ. წ. I ს.), ვალერიუს ფლაკუსმა („არგონავტიკა“), დრაკონციუსმა („მედეა“). ა. თ. ფართოდ აისახა რომაულ ლირიკაში, ოვიდიუსის პოემა „მეტამორფოზებში“; გ. არამხატვრული, ე. წ. სამეცნ. ნაწარმოებები, რ-ებიც ასევე გადმოგვცემენ ან განმარტავენ ა. თ-ს. აღსანიშნავია მრავალრიცხოვანი კომენტარები, ლოგოგრაფიული, მითოგრაფიული თუ ისტორიოგრაფიული თხზულებები (ჰეკატეოს მილეტელი, ჰელანიკე, აკუსილაე არგოსელი, ფერეკიდე, ჰეროდოტე, სტრაბონი). განსაკუთრებული ყურადღების ღირსია იმ ავტორთა თხზულებები, რ-ებიც სრულად გადმოსცემენ ა. თ-ს. ასეთები არიან ჰეროდორე, დიონისე სკიტობრაქიონი, „ბიბლიოთეკის“ ავტორი (მიაწერენ აპოლოდორეს), დიოდორე სიცილიელი, ჰიგინუსი, „ვატიკანელი მითოგრაფები“, ბიზანტ. ფოტიოსი, სვიდა და სხვ. მათ შემოქმედებაზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება ა. თ-ის ანტ. მოდელის აღდგენა (თავისი მრავალრიცხოვანი ვარიაციებით). ჰელიოსის ძეს აიეტს სამფლობელოდ აია ანუ კოლხეთი შეხვდა (ევმელეს მიხედვით, იგი აქ მოვიდა მას შემდეგ, რაც თავისი წილხვდომილი ეფირა დატოვა). კოლხეთში აიეტს შეეძინა ორი ქალიშვილი ქალკიოპე და მედეა და ვაჟიშვილი აფსირტე. ეოლეს ძეს, ათამანტს, რ-იც ბეოტიის ორქომენოსში მეფობდა, ქალღმერთ ნეფელესაგან (ღრუბელი) ჰყოლია ორი შვილი ფრიქსე და ჰელე. ათამანტის მეორე ცოლს ინოს გერები შეუძულებია და გადაუწყვეტია ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ნეფელეს შვილებისათვის მოლაპარაკე და მფრინავი, სასწაულთმოქმედი ოქროს ვერძი გაუგზავნია, რ-საც და-ძმა ზურგზე შეუსვამს და კოლხეთისაკენ გაფრენილა. ჰელე შავი ზღვის შესასვლელთან ვერძიდან გადმოვარდნილა და ამის შემდეგ ამ ადგილისათვის ჰელესპონტი უწოდებიათ. ფრიქსე კი კოლხეთში აიეტთან ჩაფრენილა. აიეტს კარგად მიუღია ლტოლვილი და თავის ასულ ქალკიოპეზე დაუქორწინებია. ვერძი ღმერთებისათვის შეუწირავთ, მისი ოქროს საწმისი (ტყავი) კი არესის ჭალაში მუხაზე დაუკიდიათ. კოლხეთშივე გარდაცვლილა ფრიქსე, მას დარჩენია ვაჟიშვილები: არგოსი, მელასი, ფრონტისი, კიტისორე. ათამანტის ძმა კრეთევსი თესალიაში იოლკოსის მეფე ყოფილა. მას ტიროსაგან შესძენია სამი ვაჟი – ესონი, ამითაონი, ფერეტი. მანამდე ტიროს პოსეიდონისაგან ორი ვაჟიშვილი ჰყოლია – ნელევსი და პელია. კრეთევსის სიკვდილის შემდეგ პელიამ თურმე უარი ათქმევინა ესონს სამეფო ტახტზე და თავად გამხდარა იოლკოსის მმართველი. პელიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ეოლეს შთამომავალი მოკლავდა და ცალხმლიანი კაცისაგანაც ემუქრებოდა საფრთხე. ესონს ალკიმედესაგან ჰყოლია ვაჟი, რ-იც მშობლებს აღსაზრდელად ბრძენ კენტავრთან ქირონთან გაუხიზნავთ პელიას შიშით. ქირონს მისთვის იასონი („განმკურნებელი“) შეურქმევია. იასონი რომ ჭაბუკობაში შესულა, იოლკოსის გზას გასდგომია. გზად მდინარეში ცალი ხმალი დაუკარგავს. როდესაც პელიასთვის ძმისშვილს სამეფო ტახტის დაბრუნება მოუთხოვია, ვერაგ მეფეს ჯერ უძნელესი დავალების აღსრულება, კოლხეთიდან ოქროს საწმისის დაბრუნება მოუთხოვია. გმირ არგოსს ქალღმერთ ათენას დახმარებით ხომალდი აუგია, რ-ზედაც ქალღმერთს წმიდა მუხისგან გამოჭრილი მეტყველი მორი დაუმაგრებია. 50 გმირი (წყაროები სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს) შეიკრიბა კოლხეთში სალაშქროდ. მათ არგონავტები, ანუ „არგოს მეზღვაურები“ ეწოდათ. არგონავტებს მეთაურად იასონი აურჩევიათ. ხიფათით აღსავსე გზა კოლხეთამდე მრავალ ეპიზოდს შეიცავს: ლემნოსელ ქალებთან შეხვედრა, რ-თაც კუნძულზე მამაკაცები არ ჰყავდათ; არგონავტებს ტრაგიკული შეცდომის შედეგად შემოაკვდებათ დოლიონის მეფე კიზიკოსი; მისიაში დაკარგავენ ჰერაკლეს მეგობარს ჭაბუკ ჰილას, რის გამოც ჰერაკლე ლაშქრობას ჩამოშორდება, გზაში გადაეყრებათ აგრეთვე თავხედი მეფე ამიკე, რ-იც სტუმრებს მუშტი-კრივში იწვევდა ხოლმე; ძლივს გადაურჩებიან მისან ფინევსის საზარელ ფრინველებს ჰარპიებს; თავს მშვიდობიანად დააღწევენ მოძრავ კლდეებს, კიანეებს და ბოლოს არესის კუნძულზე შეხვდებიან კოლხეთიდან წამოსულ ფრიქსეს შვილებს.

ა. თ-ის ცენტრ. ეპიზოდს წარმოადგენს კოლხეთში ყოფნისა და ოქროს საწმისის მოტაცების ამბავი. არგონავტები ფასისში გაჩერდებიან, ხოლო იასონი აიეტის ქალაქში კÂტაიაში გაეშურება. ჰერას თხოვნით აფროდიტე თავის ძეს ეროსს უბრძანებს, რომ მან აიეტის ასული მედეა იასონთან გაამიჯნუროს. მედეას დახმარებით იასონი შეძლებს აიეტის მძიმე დავალების შესრულებას – სპილენძისჩლიქებიანი, ცეცხლისმფრქვეველი ხარების გუთანში შებმას, ნახნავში ურჩხულის ეშვების ჩაყრას და იქიდან აღმოცენებული მეომრების მოსვრას; კოლხი ასულის მაგიური დახმარების წყალობით იასონი არესის ჭალიდან მოიტაცებს ოქროს საწმისს, რ-საც მუდამ ფრთხილი ურჩხული დარაჯობდა, და მედეასთან ერთად კოლხეთიდან გაიქცევა. არგონავტების დევნისა და სამშობლოში დაბრუნების მრავალი ვერსია არსებობს. კოლხთა ფლოტით აფსირტე დაედევნება მათ. აპოლონიოს როდოსელის მიხედვით არგონავტები ისტროსში (ახლანდ. დუნაი) შეცურდებიან და იქიდან ადრიატიკის ზღვაში გადავლენ. სხვათა მიხედვით არგონავტები იმავე გზით ბრუნდებიან, რ-ითაც კოლხეთში მოვიდნენ (ჰეროდორე, დიოდორე, ევრიპიდეს „მედეა“ და სხვ.). ზოგიერთების ვერსიით, არგონავტები ფასისიდან ოკეანეში გადავლენ და იქიდან წითელი ზღვით ლიბიის უდაბნოში მოხვდებიან, საიდანაც ჯერ ხმელეთის გადასერვით, შემდეგ კი ტრიტონის ტბის ან ნილოსის გაცურვით ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩნდებიან (ჰეკატეოსი, ჰესიოდე, პინდარე); სხვანი არგონავტებს ჩრდილოეთის ოკეანეშიც კი ახვედრებდნენ (ტიმეოსი) და ა. შ. ასევე აზრთა სხვადასხვაობაა აფსირტეს მკვლელობის შესახებ. აპოლონიოს როდოსელის თანახმად, მედეას რჩევით აფსირტე იასონს მზაკვრულად მოუკლავს ადრიატიკის ერთ-ერთ კუნძულზე. სანამ არგონავტები სამშობლოში მოხვდებოდნენ, მრავალ ხიფათს გადაჰყრიან. ისინი მოხვედრილან იტალ. ზღვებში, ჯადოქარ კირკეს კუნძულზე, ფეაკებთან, ლიბიაში და რის ვაივაგლახით სამშობლოში დაბრუნებულან. პელიას სიკვდილის შესახებაც განსხვავებული ვერსიები არსებობს. დიოდორესა და აპოლოდორეს მიხედვით პელიასს არგონავტთა არყოფნის დროს მოუკლავს იასონის მშობლები და მისი მცირეწლოვანი ძმა. ეს რომ არგონავტებს შეუტყვიათ, დათანხმებულან პელიასის მოკვლის ვერაგულ გეგმას; მედეას პელიასის ქალიშვილები დაურწმუნებია, მამა ნაკუწ-ნაკუწ დაეჭრათ, რათა მას ჯადოქრობით იგი კვლავ გაეახალგაზრდავებინა. მედეა და იასონი კორინთში დასახლებულან, მათ შეძენიათ შვილები, მაგრამ ათი წლის ბედნიერი ცხოვრების შემდეგ იასონს მიუტოვებია მედეა და კორინთის მეფის კრეონტის ასულის კრეუსას (ან გლავკეს) შერთვა გადაუწყვეტია. ევრიპიდეს მიხედვით მედეა სასტიკად იძიებს შურს იასონზე. მან დახოცა კრეუსა, კრეონტი და საკუთარი შვილები, თუმცა ადრეულ წყაროებში მედეა საკუთარ შვილებს არ ხოცავს. ლტოლვილი მედეა ჯერ ჰერაკლესთან მიდის თებეში, შემდეგ – ეგევსთან ათენში, სადაც მას ვაჟიშვილი მედოსი შეეძინება. ბოლოს მედეა შვილთან ერთად აზიაში ბრუნდება და ეხმარება აიეტს ტახტის დაბრუნებაში, რ-იც ძმას პერსეს წაურთმევია; მედოსი ისე გაძლიერებულა, რომ აზიის დიდი ნაწილიც დაუმორჩილებია; ძვ. ავტორების მტკიცებით სახელმწიფო მიდიის სახელიც მისგან მომდინარეობს. სიკვდილის შემდეგ მედეა ლევკეს კუნძულზე დასახლებულა და აქილევსის ცოლი გამხდარა.

ა. თ. ერთმანეთთან საკმაოდ პირობითად დაკავშირებული სიუჟეტების ერთ მთლიან სისტემას წარმოადგენს. ახლა ძნელია იმის გარკვევა, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს სისტემა. ერთნი მის საფუძვლად მიიჩნევენ აგრარულ მითს იმ წლიური ბრუნვის შესახებ, რ-საც ღრუბელი ასრულებს საბერძნეთიდან (კოპაიდის ტბიდან) ჰელესპონტისკენ, შემდეგ ლიბიისკენ და ბოლოს კოპაიდის ტბისკენ. მეორენი ა. თ-ის საფუძვლად მზის ჩასვლისა და კვლავ ამოსვლის შესახებ შექმნილ მითს მიიჩნევენ, მესამენი კი – მოგზაურებზე ზღაპრებს. ანტ. ეპოქიდან მოყოლებული საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა ისტ. საფუძვლის თეორიას, რ-ის თანახმადაც ა. თ. ასახავდა რეალურ ისტ. ინფორმაციას უძველესი საზღვაო ექსპედიციების შესახებ. როგორც ჩანს, ამ მითის აღმოცენებაში მართლაც სერიოზული როლი ითამაშა რაღაც რეალურმა ისტ. მოვლენებმა, ქვეყნებმა, ხალხებმა, ადათ-წესებმა და წარმოდგენებმა; და ყველა ეს ელემენტი, მითთა თხზვის კანონთა შესაბამისად, ერთ სისტემად გაერთიანდა. ა. თ. პირველ რიგში მითოლ. სისტემაა, რ-შიც გაერთიანებულია მრავალი სხვადასხვაგვაროვანი ელემენტი. მასში ცალკეული ისტ. თუ ფსევდოისტ. რეალობის აქცენტირება ძირითადად საბერძნეთში წერილობით ფიქსირებული ლიტ-რისა და ანალიტიკური აზროვნების აღმოცენების შემდგომ მითის რეინტერპრეტაციის შედეგია. ეს არ გამორიცხავს ა. თ-ში არგონავტთა ექსპედიციის შესახებ ისტორიულად ღირებული ინფორმაციის შემონახვის შესაძლებლობას, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა ვეძიოთ მხოლოდ ცალკეულ ელემენტებში და არა მთლიან სისტემაში. სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ მიკენურ ეპოქაში ადგილი ჰქონდა კომერციული ან პოლიტ. ხასიათის ექპსედიციებს აღმ. შავიზღვისპირეთისაკენ, ცხოველი ურთიერთობა იყო გაჩაღებული ადრიატიკის, იტალიის, ლიბიის ხალხებთან და რომ ა. თ-ში დასახლებული ზოგიერთი პერსონაჟი მართლაც ისტ. პირი იყო. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყველაფერი ეს გაერთიანდა ერთ სიუჟეტურ სისტემად და განზოგადდა მითოპოეტური აზროვნების კანონთა შესაბამისად. ა. თ-ის ძირითადი ელემენტი, რ-იც კრავს ამ მითოლ. ციკლს, არის ოქროს საწმისი, იგი წარმოგვიდგება რამდენიმე ფუნქციით: ა) ხსნის ღვთიური გზა, ბ) კეთილდღეობის სიმბოლო, გ) გმირულ საქმეთა სტიმული, დ) სამიჯნურო ფიცის საფუძველი, ე) უბედურებათა წყარო. ამ ფუნქციებითაა მოტივირებული თქმულების განვითარების ყველა ძირითადი ეტაპი.

ქართვ. მეცნიერები განსაკუთრებული ყურადღებით იკვლევენ ა. თ-ის მრავალრიცხოვან ვერსიებს საქართველოს შესახებ არსებული ცნობების გაანალიზების თვალსაზრისით. 1984 ინგლ. მეცნიერის და მოგზაურის ტიმ სევერინის მიერ მოწყობილი ექსპედიციით დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს მიკენის ეპოქაში არგონავტების შორეული ექსპედიციის შესაძლებლობა. მეცნიერები დამაჯერებლად აიგივენებ კოლხეთთან უძველესი ბერძნ. წყაროების აიას. არქეოლ. კვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ ძვ. წ. XIV – XIII სს-ში დას. საქართველოში, რიონის ხეობაში, არსებობდა ქართველურ ტომთა ძლიერი გაერთიანება. ასე რომ, ა. თ-ში აღწერილი კოლხეთის ძლიერი სამეფო სავსებით რეალურად გამოიყურება. ა. თ-თან დაკავშირებული უმთავრესი კოლხური გეოგრ. სახელწოდებები ფასისი (ფოთი) და კუტაია (ქუთაისი) ქართველური ენებისათვის დამახასიათებელი ფორმით არის შესული ძვ. წ. II ათასწლ. ბერძნულში. მსოფლიოს მხატვრული კულტურისათვის განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ა. თ-ის ორი თემა: მომხიბლავი, ფათერაკებით აღსავსე საზღვაო ექსპედიცია და მედეასა და იასონის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. პირველ შემთხვევაში მოდელად აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკას“ იყენებდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში – ევრიპიდეს „მედეას“.

ლიტ.: გიგაური ც., კოლხეთი რომაულ მწერლობაში, თბ., 1985; გ ო რ დ ე ზ ი ა ნ ი  რ., ოქროს საწმისი (მითები, ვერსიები, ინტერპრეტაციები), თბ., 1993; ლორთქიფანიძე ო., არგონავტიკა და ძველი კოლხეთი, თბ., 1986; ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964; ყაუხჩიშვილი თ., საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ., 1976; Radermacher L., Mythos und Sage bei den Griechen, Darmstadt, 1966; Severin T., The Iason voyage. The quest for the Golden Fleece, L., 1985.

რ. გორდეზიანი