არკნეთის სამაროვანი, ვასასწყაროს სამაროვანი, ძვ. წ. I ს. არქეოლოგიური ძეგლი სოფ. არკნეთის (ქარელის მუნიციპ.) მახლობლად, ადგილ ვასასწყაროზე. გათხარეს 1951 (ხელმძღვ. ო. ჯაფარიძე). გამოვლინდა ორმოსამარხები და ქვევრსამარხები. ორი ორმოსამარხი თიხის ფენით იყო გადალესილი. მათში დაკრძალული იყო თითო (ერთ შემთხვევაში – 3) გვერდზე მწოლარე, ხელფეხმოკეცილი მიცვალებული. ქვევრსამარხებში დადასტურდა წყვილადი დაკრძალვა. ერთი ქვევრსამარხი წარმოადგენდა თიხის მოზრდილ დერგს, რ-შიც ჩვილი ბავშვის 2 ჩონჩხი იყო.
სამარხებში აღმოჩნდა შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის დოქები, კოჭბები, ჯამები; ბრინჯაოს წელშეზნექილი სამაჯურები, ეჟვანი, საყურე რგოლები; მინის, მინისებური პასტისა და სარდიონის მძივები, ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავები; პართული ვერცხლის მონეტები; სინათრუკისა (ძვ. წ. 77–70), ფრაატ III-ისა (ძვ. წ. 70–57), ოროდე I-ისა (ძვ. წ. 57–37).
ლიტ.: ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები სოფ. არკნეთში, «თსუ შრომები», 1956, ტ. 63.
ი. გაგოშიძე