არკნეთის ფაუნა, ზედა მიოცენის ამომწყდარ ძუძუმწოვართა ერთობლიობა. მიეკუთვნება ჰიპარიონულ ფაუნათა რიცხვს. ადგილსამყოფელი მიკვლეულია შიდა ქართლში, ქარელის რ-ნის სოფ. არკნეთის ახლოს, მდ. ფრონის ხეობაში. ცხოველთა ნამარხი ნაშთები დაცულია კონტინენტური წარმოშობის ე. წ. დუშეთის წყების კარბონატულ ქვიშიან თიხებში. ნამარხი ძვლოვანი მასალის შესწავლა გვიჩვენებს, რომ ამ ფაუნის დამახასიათებელი წარმომადგენლებია: სამთითა ცხენი – ჰიპარიონი, რამდენიმე სახეობის ანტილოპა და ირმისნაირნი, ჟირაფები, ღორები. ა. ფ-ის ეკოლ. თავისებურებები მოწმობენ, რომ დაახლ. 6–7 მლნ. წლის წინათ აღმ. საქართვ. ტერიტორიაზე ზომიერად თბილი და ტენიანი ჰავა იყო გაბატონებული. ა. ფ-ის აღმოჩენამ დააზუსტა დუშეთის წყების ასაკი (გვიანი მეოტისი – ადრეული პონტი).
გ. მელაძე