არმაზის ბილინგვა, მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს (1940) არმაზისხევში აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა (აქედან „არმაზის ბილინგვა“). ეს არის ეპიტაფია, რ-იც შესრულებულია ქვის სტელაზე ბერძნ. და არამ. ენებზე. ა. ბ-ს განეკუთვნება ახ. წ. II ს. ბერძნ. ტექსტი, რ-იც შეიცავს 9 სტრიქონს, წაიკითხეს და გამოსცეს ს. ყაუხჩიშვილმა და ა. შანიძემ (1941). 11-სტრიქონიანი არამეული ტექსტი წაიკითხა და სათანადო გამოკვლევით გამოაქვეყნა გ. წერეთელმა („არმაზის ბილინგვა“, 1941–42, რუს., ქართ. და ინგლ. ენებზე). ორივე წარწერა ძირითადად იდენტური შინაარსისაა, ოღონდ არამ. უფრო ვრცელია და შეიცავს დამატებით ცნობებს გარდაცვლილისა და მისი მეუღლის შესახებ. ბერძნ. ტექსტში აღნიშულია, რომ სერაფიტი (ეპიტაფიის ობიექტი) იყო ასული პიტიახშ ზევახისა და მეუღლე პიტიახშ პუბლიკიოს აგრიპას ძისა იოდმანგანისა - იბერიის დიდი მეფის ქსეფარნუგის ეზოსმოძღვრისა და რომ იგი (სერაფიტი), შეუდარებელი სილამაზისა, გარდაიცვალა 21 წლისა. არამ. ტექსტში დამატებით დასახელებულია პიტიახშ ზევახის პატრონი ფარსმან მეფე (2-ჯერ), რ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოხსენიებული იყოს ფარნავაზ მეფის სახელიც (გ. გიორგაძე). არამ. ნაწილში დამატებულია სერაფიტის ეპითეტებიც („კეთილი“, „მშვენიერი“ _ ეპიტაფიის მეორე ნაწილში). ყურადღებას იქცევს ეპიტაფიის ბერძნ. და არამ. ტექსტებს შორის არსებული სხვა ხასიათის სხვაობაც. ბერძნ. ტექსტში თხრობა მესამე პირშია მოცემული, არამეულში კი _ პირველ პირში, მაგრამ ამ ტექსტის მეორე ნახევარი, რ-იც პირველისაგან გამოყოფილია სიტყვით „ასე ამგვარად“, გრძელდება მესამე პირში. ა. ბ., როგორც მასთან ერთად ნაპოვნი არამ. ერთენოვანი წარწერაც, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა არა მარტო ქართ. სინამდვილისათვის, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და მისი კულტ. ისტ. შესწავლისთვისაც. წარწერებში ასახულია იმდროინდელი (I–II სს.) იბერიის სახელმწ. სისტემა, მოხსენიებულია მაღალი რანგის ისტ. პირები (მეფეები, პიტიახშები, ეზოსმოძღვრები), რ-თაგან ზოგი ადრე უცნობი იყო.
ა. ბ-ის არამ. ნაწილის შესწავლის შედეგად დადგინდა არამეული დამწერლობის ახ. სახეობა, რ-იც დღეს არმაზული დამწერლობის (გ. წერეთელი) სახელითაა ცნობილი. ა. ბ-მ სპეცილაისტთა შორის დიდი ინტერესი, დავა და კამათიც გამოიწვია; პირველ რიგში ტექსტის ენის გამო. რა ენაზე იყო დაწერილი არამ. ასოებით შესრულებული ტექსტი: არამეულზე, ერთ-ერთ ირან. ენაზე (პართული, ფალაური), თუ ქართულზე (როგორც ცნობილია, არამეულად დაწერილ სიტყვებს ირანელები იდეოგრამებად იყენებდნენ საკუთარი ენისათვის). გ. წერეთელმა, რ-მაც ამ ტექსტს სპეც. გამოკვლევა მიუძღვნა, უფრო არამეულზე დაწერილად ივარაუდა იგი, თუმცა ტექსტის ენის ირანულობის სასარგებლოდაც მოჰქონდა მასალა. ა. ბ-ის ხსენებული გამოცემის შემდეგ მისადმი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა დაიწერა, შეტანილია კორექტივები არამ. ტექსტის წაკითხვისა და გაგებაში. ვფიქრობთ, დღეს ამ ტექსტის ენის არამეულობაც არ უნდა იწვევდეს ეჭვს; ენა არამეულია, რ-იც აგრძელებს „სახელმწიფო არამეულის“ ტრადიციას. ირან. წარმოშობისაა, ძირითადად, საკუთარი სახელები.
ა. ბ-მ დაადასტურა, რომ იბერიაში ახ. წ. პირველ საუკუნეებში ოფიციალურ წრეებში ბერძნულთან ერთად არამეულსაც იყენებდნენ (როგორც ეს დამახასიათებელია ამ ხანაში სხვა სახელმწიფოებისათვისაც, მაგ., პართიისათვის). ამასთანავე, ბერძნ. ტექსტის პირველ ადგილზე დასმა უნდა მიუთითებდეს ელინისტურ-რომაულ ხანაში ბერძნ. ენის განსაკურებულ პრესტიჟზე საერთაშ. მასშტაბით, მაშინ როცა არამეული ამ დროს უფრო „შინაურული“ ხმარებისათვის იყო განკუთვნილი. ამით უნდა აიხსნას აგრეთვე ბერძნ. ეპიტაფიაში ძირითადი სიუჟეტის გადმოცემა (გარდაცვლილის ვინაობა), ხოლო არამ. ნაწილში, ცნობებიც, რ-ებიც გარდაცვლილს არ ეხება უშუალოდ და ადგილ. მოსახლოებისთვის მეტ ინტერესს წარმოადგენს.
ა. ბ-მ დასაწყისი მისცა საქარველოში აღმოჩენილი სხვა არამ. წარწერების გაშიფვრა-დადგენასაც.
ლიტ.: აბაევი ვ., არმაზის ბილინგვის გარშემო, «საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე», 1944, ტ. 5, № 8; გიორგაძე გ., არმაზის ბილინგვა: „ფარნავაზი“ თუ „ფარნავაზიანი“?, «მნათობი», 1986, № 10; ყაუხჩიშვილი ს., არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, «საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე», 1941, ტ. 2, № 1–2; წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13; წერეთელი კ., შენიშვნები არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტზე, თბ., 1992; Боголюбов М. Н., Армазская эпитафия, კრ.: Ирано-афразийские языковые контакты, М., 1987; Фрейман А. А., Несколько замечаний к «Армазской билингве» Церетели, Г. В.«Известия АН СССР». Отдел литературы и языка, 1946, т. 5, в. 2; Шанидзе А. Г., Данные греческо-пехлевийской билингвы из Армази для истории термина ეზოჲსმოძღუარი в древнегрузинском, «საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე», 1941, ტ. 2, № 1 – 2; Kutscher J., Naveh J., Bilingual inscription (Greec-Aramaic) from Armazi, «Lashonenu», 1970, vol. 34 (in Hebrew).
კ. წერეთელი