არმენოლოგია

არმენოლოგია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპლექსი, რ-იც შეისწავლის სომეხი ხალხის ისტორიას, ენას, ლიტ-რას, ყოფას, კულტურას. ამ დარგში სისტემურ მუშაობას საფუძველი ჩაეყარა XVII–XVIII სს. მიჯნაზე, როდესაც 1679 პარიზში სამეფო (ახალ ეროვნულ) ბ-კასთან შეიქმნა სომხ. ხელნაწერების ფონდი, ხოლო ვენეციაში კათოლიკე სომეხმა მხითარ სებასტიელმა (1676–1749) 1701 დააარსა მხითარისტების სახელით ცნობილი კონგრეგაცია (ძმობა). შემდეგში ვენეციის ძმობას გამოეყო ტრიესტისა (1776) და ვენის (1881) ფილიაციები. ასე შეიქმნა ევროპაში ა-ის ორი სკოლა. ევრ. (პარიზში, ლაიფციგში, ბერლინში და სხვ.) და ეროვნული (მხითარისტები). XX ს. 20-იანი წლებიდან არმენოლოგიური მუშაობა ფართოდ გაიშალა სომხეთში (უნ-ტი, მეცნ. აკად. ინ-ტები, მატენადარანი).

საქართველოში ა-ს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. უძველესი ქართ.-სომხ. პარალელური და თარგმნილი ტექსტების არსებობამ, საქართველოს შესახებ სომხ. წყაროების სიმრავლემ და მნიშვნელობამ, ძვ. საეკლ. არქიტ. განვითარების პარალელურმა გზებმა, საუკუნოვანმა პოლიტ., იდეოლოგიურმა და ენობრივმა კონტაქტებმა, საქართვ. ტერიტორიაზე სომხ. დასახლებების გაჩენამ, ისტ. სასაზღვრო პროვინციებში შერეულმა მოსახლეობამ განაპირობეს საქართველოში ა-ის ცალკეული დარგების (ისტორია, ენათმეცნიერება, წყაროთმცოდნეობა, არქიტ. ისტორია) დაწინაურება.

ქართ. ა-ს მყარი მეცნ. საფუძველი შეუქმნა და ავტორიტეტი მოუპოვა ი. ჯავახიშვილის („ძველი საქართველოს და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“, ტ. 1, 1905; „საქართველოსა და სომხეთს შორის საეკლესიო განხეთქილების ისტორია“, 1908, რუს. ენაზე; „ძველი სომხური საისტორიო მწერლობა“, წგ. 1, 1935 და სხვ.), ა. შანიძის („სომხურ დიალექტთა ახალი შტო“, 1940; „ახალი შეხედულება ახალსომხური ზმნის უღლების ბუნებაზე“, 1965, რუს. ენაზე), გ. ჩუბინაშვილის („ძიებანი სომხურ არქიტექტურაში“, 1967, რუს. ენაზე), ლ. მელიქსეთ-ბეგის („ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი და მათი ვინაობა სომეხ-ქართველთა ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით“, 1928; „ქართული წყაროები სომხეთისა და სომეხთა შესახებ“, 4 ტომად, 1934–55, სომხ. ენაზე და სხვ.), ილ. აბულაძის („ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX – X საუკუნეებში“, 1944; „ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი“, 1953 და სხვ.), ი. შილაკაძის („თანამედროვე სომხურის უღლების კატეგორიები“, 1964, სომხ. ენაზე“; ძვ. და ახ. სომხ. ენის გრამატიკები) და სხვათა შრომებმა.

საქართველოში ა-ის კერა დაარსების პირველი დღეებიდანვე (1918) გახდა თბილ. უნ-ტი, სადაც 1922 ჩამოყალიბდა ა-ის კათედრა (გამგე ლ. მელიქსეთბეგი). 1945-იდან აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე გაიხსნა ა-ის განყ-ბა. დღეს კათედრა პედ. საქმიანობასთან ერთად იკვლევს სომხ.-ქართ. ენობრივი (ე. დოჩანაშვილი, მ. რობაქიძე) და ლიტერატურული (ა. ხარატიანი) ურთიერთობების, წყაროთმცოდნეობისა და ტექსტოლოგიის (ზ. ალექსიძე, ნ. აფციაური, ა. ჩანტლაძე, რ. ჭუბაბრია, თ. ევდოშვილი), ხელოვნებათმცოდნეობის (ზ. სხირტლაძე) საკითხებს. [ზ.ალექსიძე, ეპისტოლეთა წიგნი, 1968; მისივე, უხტანესი „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“, 1975; მისივე, არსენ საფარელი „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, 1980; მისივე; თეოლოგიური კამათი კავკასიაში, VI საუკუნე“, 2015; მისივე, სტატიების კრებული „ქრისტიანული კავკასია“, 1–2, 3 (2011, 2016); ნ. აფციაური, კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების წყაროთმცოდნეობითი საკითხები, 1989; ე. დოჩანაშვილი, „მცხეთური ხელნაწერი“ (ხუთ ტომეული) 1981; მ. რობაქიძე, „შუშანიკის წამების“ ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეატაცია ქართულ“ სომხურ ენობრივ ურთიერთობათა შუქზე, 2009; ნ. ჩანტლაძე, მხითარ გოში, ქართველთათავის 2011)]. 1986 ა-ის კათედრასთან შეიქმნა კავკასიოლოგიის კაბინეტი, რ-საც დაევალა საქართვ. ტერიტორიაზე არსებული სომხ. ძეგლების (ეკლესია, ნიში, ქვაჯვარი, სასაფლაო და სხვ.) შესახებ სრული მასალის შეკრება, ამ ძეგლების აღწერა და სათანადო კარტოთეკების შედგენა.

ქართ. ა-ს განსაკუთრებული ამაგი დასდო ილ. აბულაძემ. მან მრავალრიცხოვანი არმენოლოგიური შრომების გარდა შექმნა მთელი სკოლა როგორც სპეციალისტი არმენოლოგებისა, ისე ქართველოლოგებისა, რ-ებიც თავიანთ მეცნ. საქმიანობაში წარმატებით იყენებენ ა-ის მიღწევებსა და სომხ. მწერლობის ძეგლებს. ამჟამად საქართვ. ხელნაწერთა ეროვ. ცენტრში არმენოლოგიურ მუშაობას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: წყაროთმცოდნეობა (ზ. ალექსიძე, ლ. ჯანაშია, მ. დიასამიძე, ე. ცაგარეიშვილი, დ. ჩიტუნაშვილი, ხ. გაფრინდაშვილი, ი. ხოსიტაშვილი) და ტექსტოლოგია (მ. რაფავა). [ლ. ჯანაშია, „ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართელოს შესახებ, 1963; მისივე, „შუშანიკის წამება“, ისტორიულ წყაროთმცოდნეობითი მონოგრაფია, 1980, ე. ცაგარეიშვილი, იოანე დრასხანაკარტელი, სომხეთის ისტორია, 1965; მისივე, არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, 1974; მისივე, სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“-ს ძველი ქართული თარგმანები, 1978; მისივე, საქართველო VII–X საუკუნეების სომხურ საისტორიო წყაროებში, 2012; და სხვ.}

ნაყოფიერი არმენოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს რესპ. სხვა სამეცნ. ცენტრებშიც. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის. ინ-ტში მუშავდება სომხ.-საქართვ. პოლიტ. და სოც.-ეკონ. კონტაქტების უმთავრესი პრობლემები (ა. აბდალაძე, გ. მაისურაძე, გ. ჭეიშვილი). აქვე დიდი ყურადღება ექცევა გვიანდ. შუა საუკ. სომხ. წყაროების თარგმანსა და კომენტირებას (ლ. დავლიანიძე, ლ. ჯანაშია). სომხეთში დაცული ქართული და საქართველოში დაცული სომხური ეპიგრაფიკის კვლევას არაერთი ახალი გამოკვლევა მიეძღვნა ( გ. გაგოშიძე, ვ. კეკელია, ნ. ჩანტლაძე, თ. ჯოჯუა). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში უპირატესად შეისწავლიან ახ. და უახლესი პერიოდის ქართ.-სომხ. ლიტ. ურთიერთობებს (ბ. არველაძე). გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში სომხ. ენის პრობლემების დამუშავებასთან ერთად (რ. გორგაძე, ნ. საგანელიძე) ყურადღება ეთმობა შუა და გვიანდ. შუა საუკ. სომხ. წყაროების თარგმნასა და კომენტირებას (კ. კუცია).

ქართ. ა-ის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული საქართვ. ისტ. წერილობითი წყაროების (ადრე – საქართველოს შესახებ არსებული უცხ. წყაროების) კომისია, რ-იც კოორდინაციას უწევს რესპუბლიკაში სომხ. წყაროების თარგმნისა და პუბლიკაციის საქმეს. კომისიამ უკვე გამოაქვეყნა მრავალი ძვ. სომეხი ისტორიკოსის (ლაზარ ფარპელის, იოანე დრასხანაკერტელის, უხტანესის, მოსე კალანკატუელის, არისტაკეს ლასტივერტელის, გრიგოლ აკანელის, არაქელ თავრიზელის, ზაქარია აგულისელის, ესაი ჰასან ჯალალიანცის და სხვ.) თხზულებები, დოკუმენტების კრებული (ეპისტოლეთა წიგნი, ატენის სიონის სომხ. წარწერები, სომხ. ხელნაწერთა XIV – XV სს. ანდერძები, საბერეების სომხ. წარწერები და სხვ.).

ქართ. ა. პეტერბ. კავკასიოლოგთა სკოლის სამეცნ. მოღვაწეობის პირდაპირი შთამომავალია. ამ სკოლის მეთაური ნ. მარი და მისი საუკეთესო მოწაფენი (ი. ჯავახიშვილი, ნ. ადონცი, ი. ორბელი) პირველები გასცდნენ ცალკე აღებული ა-ისა და ქართველოლოგიის საზღვრებს და შექმნეს ახ. კავკასიოლოგიური დისციპლინა, რ-საც სომხ.-ქართ. ფილოლოგია უწოდეს. ამ დისციპლინას დიდ ღირსებებთან ერთად ნაკლიც აღმოაჩნდა. ერთიანობის იდეით ნიველირდებოდა ქართვ. და სომეხი ხალხების გონითი ცხოვრების თავისთავადი გზები, იკარგებოდა მათი კულტურების თავისებურებანი, მით უფრო, რომ თვითონ მის შემადგენელ დარგებს ჯერ კიდევ არა ჰქონდათ დაგროვილი საკმარისი მასალა დიდი და საპასუხისმგებლო განზოგადებისათვის.

ქართველოლოგიის სწრაფმა განვითარებამ, რ-იც უშუალოდ დაუკავშირდა თბილ. უნ-ტის გახსნას, ი. ჯავახიშვილის მიერ ქართვ. ერის ისტ. მრავალტომეულის შექმნამ ცხადი გახადა, რომ ქართველოლოგიის საჭიროებანი მოითხოვდა სომხ. მწერლობიდან დიდძალი ფაქტობრივი მასალის შემოტანას, ქართ. ა-მ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას.

თანამედროვე ქართ. ა. დამოუკიდებელი კავკასიოლოგიური დისციპლინაა, რ-იც უხვ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით იკვლევს ქართვ. და სომეხი ხალხების ისტ., კულტ., ენის, ლიტ-რისა და ყოფის მომიჯნავე პრობლემატიკას.

ლიტ.: ა ლ ე ქ ს ი ძ ე  ზ., „საქმენი იოვანე ზედა ზადნელისანი“ და „მარტვილობაჲ აბიბოს ნეკრესელისაჲ" (სინური რედაქციები), თბ., 2019; გაგოშიძე ზ., ჩანტლაძე ნ., „მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში (არქიტექტურა, რელიეფი, წარწერები), თბ., 2009; გაფრინდაშვილი ხ., კ ორიუნის „მაშტოცის ცხოვრება“ (ტექსტის თარგმანი, გამოკვლევა და კომენტარები), თბ., 2019; რაფავა მ., ნიკიტა სტიფათის ანტომონოფიზიტური სიტყვები, თბ., 2013; ცაგარეიშვილი ელ., საქართველო VII–X საუკუნეების სომხურ საისტორიო წყაროებში, თბ., 2012; მისივე, წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2020; ჭეიშვილი გ., „ ქუეყანა ანისისა“ (ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი), თბ., 2017.

ზ. ალექსიძე