არმენოპულოსის „ექვსწიგნეული“ (Hexabiblos), ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შეტანილი ბერძნული სამართლის (იხ. „სამართალი ბერძული“) ერთ-ერთი ძირითადი წყარო. ა. „ე.“ ბიზანტ. სამართლის კრებულია, კანონთა სახელმძღვანელო (mantial legum), რ-იც შეადგინა ბიზანტ. იურისპრუდენციის გამოჩენილმა წარმომადგენელმა კონსტანტინე არმენოპულოსმა დაახლ. 1345. კრებულის ძირითადი წყაროა ბიზანტ. იმპერატორების ბასილის, კონსტანტინესა და ლეონის პროქირონი, „შემოკლება ბასილიკისა“, ზოგიერთი სხვა კრებული და, გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკა. „ექვსწიგნეული“ იწყება მოსამართლეებისადმი მიმართული შეგონება-დარიგებით მართალი სამართლის ქმნის შესახებ. შემდეგ ლაპარაკია კანონების, სასამართლო წყობილების, სამოქალაქო სამართ. სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინ-ტის, აგრეთვე დანაშაულისა და სასჯელის შესახებ, კრებულის დამატებაში – „შემოკლება კანონთა“ („Epitome canonum“)– განხილულია სას. თანამდებობის პირთა არჩევისა და ხელდასხმის, მონასტრებისა და ბერმონაზვნების, ერისკაცთა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები, გადმოცემულია კანონიკური განჩინებანი, რ-თა დიდი ნაწილი შეიცავს საეკლ. კრებების დადგენილებებსა და წმინდა მამათა სიტყვებს.
ა. „ე.“ მოქმედ კოდექსად ითვლებოდა როგორც საქართველოში, ისე ბიზანტ. ცივილიზაციის სხვა ქვეყნებში (საბერძნეთი, ბულგარეთი, ვლახეთი, რუსეთი, სომხეთი და სხვ.).
ლიტ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963.
ი. დოლიძე