დამატებული ღირებულება

დამატებული ღირებულება, ღირებულების ნამატი, რომელიც იქმნება საქონლის, სამუშაოს და მომსახურების წარმოების ყოველ კონკრეტულ პროცესში.

დ. ღ-ის გაანგარიშება ხდება ფირმის, დარგის და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფირმის დონეზე დ. ღ-ის სიდიდე უდრის გაყიდული პროდუქციის ღირებულებას გამოკლებული მისი წარმოებისათვის ნაყიდი და გამოყენებული მასალების ღირებულება. დარგის დონეზე დ. ღ. ტოლია დარგის მიერ გაყიდული პროდუქციისა და ყველა შუალედური (საქონლის წარმოების ყველა წინა ეტაპზე შექმნილი ღირებულება) საქონლის ღირებულებათა სხვაობისა. ყველა საწარმოს მიერ შექმნილი დ. ღ-ის ჯამი შეადგენს ქვეყნის მასშტაბით შექმნილ დ. ღ-ს, რ-საც უწოდებენ ეროვნ. შემოსავალს. დ. ღ., როგორც საწარმოს (ფირმის) ამონაგები, მოიცავს შრომის ანაზღაურების, ამორტიზაციის, საარენდო გადასახდელის, პროცენტისა და მოგების ეკვივალენტის ღირებულებას. დ. ღ., პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ხშირად ასოცირდება კ. მარქსის ღირებულების თეორიაში ცნობილ ზედმეტ ღირებულებასთან.

დ. ღ-ის გაანგარიშება იძლევა საშუალებას, თავიდან იქნეს აცილებული საწარმოთა მთლიანი გამოშვების (პროდუქციისა და მომსახურების) ღირებულებაში ორმაგი აღრიცხვა. გამომდინარე აქედან, დაბეგვრის ბაზად იყენებენ დ. ღ-ის მოცულობას.

საქართველოში დ. ღ-ის გაანგარიშება და პრაქტ. გამოყენება დაიწყო 1992-იდან, როდესაც შემოიღეს დ. ღ-ის გადასახადი. დ. ღ-ის წარმომქმნელი ძირითადი დარგებია მრეწველობა, სოფ. მეურნეობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ვაჭრობა და მომსახურების სხვა დარგები.

ლიტ.: ბ ა ს ა რ ი ა  რ., მ ე ს ხ ი ა  ი., ეკონომიკური თეორიის საფუძვლები, თბ., 1996; ეკონომიკური თეორია, გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედ., თბ., 1998; ჩ ი ქ ა ვ ა  ლ., ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი, თბ., 1997.

ი. მესხია