ARS

„ARS“ (ლათ. ars – ხელოვნება), ხელოვნებისა და ლიტერატურის ყოველთვიური მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში ს. გოროდეცკის ინიციატივით და რედაქტორობით. გამომცემელი იყო ა. ანტონოვსკაია, გამფორმებელი – მხატვარი ბ. რიაბოვი (№ 1, მარტი, № 2–3, მაის-ივნისი, გაერთიანებული, 1918; № 1, იანვარი, 1919). ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა უსახსრობის გამო. მისი მიზანი იყო ამიერკავკ. მრავალსაუკუნოვანი კულტურის ევრ. სარბიელზე გატანა რუს. ენის მეშვეობით. იგი იზიარებდა რუს. ჟურნალების „მირ ისკუსსტვასა“ და „ზოლოტოე რუნოს“ ესთეტ. პოზიციებს. შორს იდგა პოლიტიკისაგან. მისი ლოზუნგი იყო „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. ჟურნალში იბეჭდებოდა პოეზია, პროზა, ლიტერატურულ-კრიტ. წერილები, წერილები არქეოლ., ხელოვნ., ისტ. საკითხებზე, რეცენზიები წიგნებსა და თეატრ. დადგმებზე. დართული ჰქონდა „ქრონიკა“, სადაც ასახული იყო იმდროინდელი კულტ. ცხოვრების დეტალები. ყველა ნომერი ილუსტრირებულია. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ადგილ. და ჩამოსული მწერლები: ა. ანტონოვსკაია, ჰ. თუმანიანი, ი. დეგენი, გ. ბამელი, დ. ვედრებისელი, გ. ხაზაროვი, გ. ევანგელოვი, ბ. კორნეევი, პ. კულებიაკინი, ნ. სემეიკო; იბეჭდებოდა ნ. ბარათაშვილის, გრ. რობაქიძის, პ. იაშვილის, ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილის ლექსები; წერილები: გრ. რობაქიძის „ქართული მოდერნიზმი“ და „ანდრეი ბელი“, ე. თაყაიშვილის „აფხაზეთის მეფეთა დივანი“, დ. გორდეევის „ქართული ხელნაწერი მინიატიურების პირები თბილისის სიონის სიძველეთა საცავიდან“, ლ. მელიქსეთ-ბეგის „ძველი თბილისი ა. ნეგრის (1817) და მ. მედიჩის (1824–30) აღწერის მიხედვით“, ვ. ყუშიტაშვილის „ძველი თეატრის შესახებ“, ს. რაფალოვიჩის „ანა ახმატოვა“, ბ. რიაბოვის „თბილისის არქიტექტურა“. ჟურნალში თანამშრომლობდნენ აგრეთვე მხატვრები ლ. გუდიაშვილი, ზ. ვალიშევსკი, ო. შმერლინგი.

ლიტ.: კვერენჩხილაძე რ., საქართველოს მწერალთა კავშირი 1917 – 1982, თბ., 1983, გვ. 27–29.

ვ. წოწელია.