არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს ძე [11 (23). II. 1873, ვლადიკავკაზი, – 13. VIII. 1953, თბილისი], კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზ. მოღვაწე. ქართ. პროფ. მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1929). საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1950). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1950).
სიჭაბუკის წლები ა-მა ჩრდ. კავკასიაში – არმავირსა და ეკატერინოდარში (კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული გაუღვიძა ლ. აღნიაშვილის ქართ. გუნდმა (ხელმძღვ. ი. რატილი), რ-საც პირველად 1890 მოუსმინა არმავირში, ამ პერიოდს განეკუთვნება ა-ის პირველი ნაწარმოებები: რომანსი „ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი“ (ლექსი ი. ჭავჭავაძისა), ქართ. ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894 – 1901 ა. სწავლობდა მოსკ. ფილარმონიული საზ-ბის სამუსიკო-დრამ. სასწავლებელში, რ-იც წარმატებით დაამთავრა ა. ილინსკის (კომპოზიცია), ს. კრუგლიკოვისა (თეორ. საგნები) და ვ. კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით.
მოსკოვში ყოფნის წლებში (1894 – 1918) ა-მა ახლო ურთიერთობა დაამყარა გამოჩენილ კომპოზიტორებთან და მუსიკოსებთან (ს. ტანეევი, ა. კასტალსკი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ვ. პასხალოვი, მ. პიატნიცკი). ამ პერიოდში იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართ. მუს. ფოლკლორს. ხალხ. მუს. შემოქმედებისადმი ინტერესმა იგი მჭიდროდ დააკავშირა მოსკ. უნ-ტთან არსებულ სამუსიკო-ეთნოგრ. კომისიასთან. ამ კომისიის დავალებით ა-მა ოთხი (1901, 1902, 1904, 1908) სამეცნ. ექსპედიცია მოაწყო საქართვ. სხვადასხვა რ-ნში და მოაგროვა დიდძალი მუს. მასალა (500-ზე მეტი ხალხ. სიმღერა), რ-იც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა. ა-ის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართ. ხალხ. მუსიკის თვითმყოფობა.
1906 ა-მა მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად მოსკოვში საფუძველი ჩაუყარა „სახალხო კონსერვატორიას“, სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან აქვე არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით 1908 მოსკოვში გამოვიდა პროგრ. ჟურნ. „მუზიკა ი ჟიზნი“, რ-საც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა. ამავე პერიოდში იგი აქტ. წევრი იყო მოსკ. „მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოადოებისა“, რ-საც სათავეში ედგა ა. სუმბათაშვილ-იუჟინი. საზ., პედ. და მეცნ. მოღვაწეობას ა. დაძაბულ შემოქმედებით შრომას უთავსებდა. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი ოცზე მეტი საუკეთესო რომანსი, ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1914), რ-იც 1919 დაიდგა თბილ. ოპერის თეატრის სცენაზე, სიმფ. სურათი „ჰიმნი ორმუზდს“ („საზანდრებს შორის“, 1911) და მრავალი საგუნდო ნაწარმოები.
1918 ა. საქართველოში გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად მუსიკოსთა ახალგაზრდა კადრების მომზადება დაისახა. 1921 მისი უშუალო ინიციატივით თბილისში დაარსდა მეორე კონსერვატორია, რ-თანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. 1926 – 30 ა. იყო თბილ. კონსერვატორიის (1924 ორივე კონსერვ. გაერთიანდა) დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკ-ტის დეკანი. 1932 იგი სათავეში ჩაუდგა საქართვ. კომპოზიტორთა კავშირს. ამ პერიოდიდან ა-ის შემოქმედება გამდიდრდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებით (კომ. ოპერა „დინარა“, სიმფონიები, კანტატა).
ა-ის მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის ნიმუშები შექმნა. მეტად მრავალფეროვანია ა-ის სარომანსო შემოქმედების ლიტ. -პოეტური საფუძველი (ჰაფეზი, ა. პუშკინი, ა. ფეტი, ი. პოლონსკი, ა. მაიკოვი, ი. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, გ. ქუჩიშვილი, გ. ტაბიძე). მისი რომანსები გამოირჩევა მელოდიურობითა და გამომსახველობით, ფორმის პლასტიკურობითა და ლაკონურობით, ფაქიზი ჰარმონიული კოლორიტით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ივერიის მთებზე“, „ნუ მღერ, ლამაზო“ (ა. პუშკინი), „აღსდექ, შეინავარდე“, „ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი“, „სიოვ ნაზო“ (ჰაფეზი), „ვარსკვლავიანსა ღამეს“ (ა. ფეტი), „მე შენ გელი“ (მ. დავიდოვა), „ღამეა ბნელი“, „შემოღამდება“, „ურმული“ (გ. ქუჩიშვილი), რ-ებიც ფართოდ გავრცელდა ხალხში, დამკვიდრდა საკონცერტო და პედ. რეპერტუარში. საგულისხმოა, რომ მრავალრიცხოვანმა რომანსებმა ნიადაგი მოუმზადა ა-ის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“. ოპერის სტილისტ. თავისებურებები იმავე ინტონაციური საწყისებით განისაზღვრება (ძვ. თბილ. მუს. ფოლკლორის აღმოსავლური ნაკადი), რ-იდანაც ა-ის სარომანსო მუსიკა აღმოცენდა. ოპერას საფუძვლად დაედო ხალხ. თქმულება რუსთაველის ცხოვრების ერთი დრამ. ეპიზოდის შესახებ (ლიბრეტო ა. ხახანიშვილის, ს. შანშიაშვილის, ი. მჭედლიშვილისა). სიუჟეტის ინტიმურმა ხასიათმა და რომანსული ფორმების ფართო გამოყენებამ ოპერას კამერული ხასიათი მისცა. ოპერის ცალკეულმა ნაწყვეტებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა (შესავალი, თამარის კავატინა, შოთას არია, მგოსნის სიმღერა, ურმული, აბდულ-არაბისა და რუსუდანის დუეტი). უფროსი თაობის სხვა ქართვ. კომპოზიტორებთან ერთად (მ. ბალანჩივაძე, ზ. ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ვ. დოლიძე) ა. აღიარებულია ეროვნ. საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთ., 1925; ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, თბ., 1940 რაჭული ხალხური სიმღერები, თბ., 1950; სვანური ხალხური სიმღერები, თბ., 1950; Грузинское народное музыкальное творчество, М., 1916; Краткий исторический обзор грузинской музыки, Тб., 1940; Обзор народной песни Восточной Грузии, Тб., 1948.
ლიტ.: ბეგიჯანოვი ა., დიმიტრი არაყიშვილი, თბ., 1955; დონაძე ლ., დიმიტრი არაყიშვილი, «საბჭოთა ხელოვნება», 1983, № 10; ქართული მუსიკის ისტორია. წგ. 1, თბ., 1990; ხუჭუა პ., დიმიტრი არაყიშვილი, თბ., 1980; Донадзе В., Музыкальное наследие Грузии (Классич. период), კრ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957.
ლ. დონაძე