არტისტერიუმი

არტისტერიუმი, საზოგადოება, რ-იც არსებობდა 1918 – 19 თბილისში; შეიქმნა ხელოვნ. და ლიტ-რის ყოველთვიურ ჟურნ. „ARS“-თან. ა-ის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის შესწავლა და ლიტ-რისა და ხელოვნ. განვითარებისათვის ხელის შეწყობა. ჰქონდა 6 სექცია – „ლექტორიუმი“, „პოეტთა საამქრო“, „გამოფენები“, „მუსიკალური“, „საბავშვო შემოქმედება“, „ძველი თბილისი“. ა-ის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პოეტები: ს. გოროდეცკი, ა. ანტონოვსკაია, ი. დეგენი, ს. რაფალოვიჩი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი და სხვ., ისტორიკოსები: ე. თაყაიშვილი, ლ. მელიქსეთ-ბეგი, მხატვრები: ლ. გუდიაშვილი, ი. შარლემანი, ა. ბაჟბეუქ-მელიქიანი (მელიქოვი) და სხვ. „ლექტორიუმი“ 1918 წ. 12 აპრ. გაიხსნა ს. გოროდეცკის ლექციით „რუსული სიმბოლიზმი“. მომდევნო ლექციები წაიკითხეს კ. ზელინსკიმ („სიტყვის შესახებ“), გრ. რობაქიძემ („ა. ბელის შესახებ“, „შთაგონების შესახებ“ და „სლავოფილობა ვიაჩესლავ ივანოვის და ნიკოლაი ბერდიაევის მიხედვით“). ერთ-ერთი სხდომა მიეძღვნა ქართვ. სიმბოლისტებს. გრ. რობაქიძემ, პ. იაშვილმა, ტ. ტაბიძემ, ა. არსენიშვილმა ილაპარაკეს „ცისფერყანწელებზე“, ქართ. და რუს. ენაზე წაიკითხეს ლექსები. „პოეტთა საამქროს“ წევრები თავიანთ ნაწარმოებებს ბეჭდავდნენ ჟურნ. „ARS“-ში, „რუსსკაია დუმაში“ (1918) და სხვ. გამოსცეს პოეტური კრებ. „აკმე“ (1919).

მუს. სექციამ მოაწყო ნ. რიმსკი-კორსაკოვის გარდაცვალების ათი წლისთავის აღსანიშნავი საღამო, დისპუტზე – „რუსული მუსიკის გზები“ სიტყვით გამოვიდა გრ. რობაქიძე.

რ. პრილიპკო

ვ. წოწელია