არტისტული საზოგადოება

არტისტული საზოგადოება, თბილისის არტისტული საზოგადოება, დაარსდა 1888 მეცენატ-კომერსანტის ისაი ფითოევის საოჯახო თეატრის ბაზაზე (მდებარეობდა ახლანდ. მ. ლერმონტოვისა და გ. ქიქოძის ქუჩების კუთხეში), სადაც მოყვარულები რუს. დრამ. და საოპერო ნაწარმოებებს ასრულებდნენ. ა. ს-მ შემდგომში ხელი შეუწყო თბილ. პროფ. რუს. თეატრის განვითარებას. საზ-ბის პირველი მამასახლისები იყვნენ ი. ფითოევი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, პ. ოპოჩინინი. საზ-ბას ჰყავდა საოპერო, საოპერეტო და დრამ. დასები, აგრეთვე საკუთარი სიმფ. ორკესტრი, რ-იც თბილ. მუს. სასწავლებლის მოსწავლეების მუსიკოს-მოყვარულებისაგან შედგებოდა (დირიჟორები: მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ი. ტუფი, გ. ყორღანოვი).

ა. ს. სახაზინო თეატრთან ერთად ხელოვნ. საუკეთესო ნიმუშების პროპაგანდას ეწეოდა. მას არ გააჩნდა საკუთარი შენობა, ი. ფითოევმა მხოლოდ 1901 დაამთავრა ა. ს-ის თეატრის მშენებლობა (ახლანდ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის შენობა). 1901 წ. 8 თებ. აქ რუს. თეატრმა გახსნა სეზონი სპექტაკლით ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, თეატრში XX ს. 10-იან წლებამდე ხელშეკრულებით და მოწვევით ჩამოდიოდნენ მსახიობები მ. სავინა, პ. სტრეპეტოვა, ი. იაბლოჩკინა, ვ. კომისარჟევსკაია, მ. პეტიპა, ნ. ორლოვი, ა. ლენსკი.

პირველი მსოფლიო ომის (1914–18) წლებში რუს. თეატრის მდგომარეობა არ იყო სახარბიელო. 1915 დაიწყო რეორგანიზაცია – რუს. დასის ძლიერი შემადგენლობა დაუკავშირდა რუსეთის თეატრ. საზ-ბის მსახიობების ამხანაგობას – „ტარტოს“ (Товарищество Артистов Российского Театрального Общества). თეატრს რეჟ. ა. ტუგანოვი ხელმძღვანელობდა, დასში შედიოდნენ: ე. სატინა, მ. როქსანოვა, ბ. კოშევა, ე. ჟიხარევა, მ. მრავინა, ვ. ტორსკი, მ. რუზაევი, ე. ლიუბიმოვ-ლანსკოი და სხვ. ამავე დასში მუშაობდნენ ქართ. თეატრის მსახიობები: გ. დავითაშვილი, გ. სარჩიმელიძე, ე. დონაური. საზ-ბის თეატრში რეჟ. ა. წუწუნავა წლების მანძილზე დგამდა სპექტაკლებს.

ა. ს-ის თეატრმა 1920-მდე იარსება. 1920–21 სეზონიდან შენობაში დამკვიდრდა თბილ. ქართ. დრამ. თეატრი, რ-საც 1921 წ. 25 ნოემბრიდან შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

ნ. შვანგირაძე