არფალიქი

არფალიქი (თურქ. arpa – ქერი, arpalik – ქერისა), ფეოდალური მიწათმფლობელობის ფორმა შუა საუკ. ოსმალეთში, თავდაპირველად ა. ეწოდებოდა მიწას, რ-იც ცხენის საკვების მოსაყვანად დამატებით ეძლეოდა საკარგავით შეწყალებულ მხედარს _ სიფაჰის, შემდეგ აღნიშნავდა ოსმ. ცენტრ. ადმ. და კარის მოხელეების, მაღალი და საშ. რანგის სას. პირებისა და სახელმწ. მესაზღვრე ციხისთავებისათვის ნაბოძებ მიწას ან ფულად სარჩოს. ა-ის შესატყვისი უნდა იყოს შინაარსობრივად ქართ. წყაროებში დაცული სიტყვა „სარჩო“. მაგ., ბერი ეგნატაშვილის „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ნათქვამია: „და მაშინ გაუგზავნა ბატონმა თეიმურაზ ხონთქარსა კაცი, შეეხვეწნა და სთხოვა სარჩო, ხონთქარმა სხვა ვეღარა გააწყო რა და მისცა გონიასა ახალციხესა და გარეშემო მისსა მამული სარჩოდ“.

ლიტ.: შენგელია ნ., XV – XIX სს. საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ვ. ჩოჩიევი