არქეოგრაფია (ბერძნ. archaios – ძველი და graphō – ვწერ), დამხმარე საისტორიო დისციპლინა, რ-იც ადგენს წერილობითი წყაროების მეცნიერული აღწერისა და გამოცემის პრინციპებსა და მეთოდებს. ა. მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოლოგიასთან, წყაროთმცოდნეობასთან, პალეოგრაფიასთან ტექსტოლოგიასთან, დიპლომატიკასთან, არქივთმცოდნეობასთან და სხვ. ა., როგორც ძეგლების სტამბურ გამოცემასთან დაკავშირებული სამეცნ. დარგი, წარმოიშვა საბეჭდი დაზგის გაჩენის შემდეგ (XV ს. შუახანები), თეორიულად დამუშავდა და ჩამოყალიბდა საგამომცემლო ტრადიციების შექმნის, გამოცდილების დაგროვების შედეგად.
საქართველოში საისტორიო ძეგლების პუბლიკაციას სისტემ. ხასიათი მიეცა XIX ს. II ნახევრიდან. 1864 თბილისში დაარსებული „კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიას“ დაევალა კავკ. ტერიტორიაზე არსებული საუწყებო არქივებიდან შეერჩია და გამოეცა მნიშვნელოვანი საბუთები. თავისი არსებობის მანძილზე (1864–1918) კომისიამ გამოსცა „აქტების“ („აკტი კავკაზსკოი არხეოგრაფიჩესკოი კომისიის“) 12 ტომი. რევოლუციამდელ საქართველოში არქეოგრაფიულ მუშაობას ეწეოდა სხვადასხვა კულტ.-საგანმ. ორგანიზაცია („ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, „საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება“, „ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება“ და სხვ.) და აგრეთვე ცალკეული მკვლევრები თუ საზ. მოღვაწეები; განახორციელეს მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემა, მ. შ.: „საქართველოს სიძველენი“, წგ. 1, 1899, წგ. 2, 1909, წგ. 3, 1910; მეორე გამოცემა 1902–26 (ე. თაყაიშვილი); „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“, წგ. 1, 1892, წგ. 2, 1897, წგ 3, 1967 (თ. ჟორდანია); „ისტორიული საბუთები“, წგ. 1–5, 1913 (ს. კაკაბაძე), „დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები“, წგ. 1–2, 1921 (ს. კაკაბაძე) და სხვ. ეს დიდი მუშაობა ტარდებოდა კერძო ინიციატივითა და სახსრებით.
ქართულ ა-ში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს საქართვ. მეცნ. აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტს. ხელნაწერთა აღწერაზე მუშაობა ჯერ კიდევ საქართვ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბამ დაიწყო 1939-იდან ი. ჯავახიშვილის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე. მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართ. ა-ის განვითარებას ი. ჯავახიშვილის წყაროთმცოდნეობითმა ნაშრომებმა, რ-ებიც გაერთიანებულია სერიაში „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა“, სადაც მეცნიერულად გამოკვლეულია ქართ. ნარატიული წყაროები („ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“), ისტ. დოკუმენტები („ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა“) და ეპიგრაფიკული ძეგლები („ქართული დამწერლობათა მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია“). 1946-იდან გამოიცემა ხელნაწერთა მეცნ. აღწერილობათა მრავალტომეული. 1947 გამოქვეყნდა ი. ჯავახიშვილის მიერ შედგენილი სინის მთის ქართ. ხელნაწერთა ერთი ნაწილის აღწერილობა. გამოქვეყნდა აგრეთვე ნ. მარის, აღწერილობა იერუსალიმის ქართ. ხელნაწერებისა (1955) და მრავალი სხვა. 1940-იდან დაიწყო ისტ. დოკუმენტების თემატური კრებულების გამოცემა: „დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან“ წგ. 1 (1940), წგ. 2 (1953) (ნ. ბერძენიშვილის რედაქციით); „მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის“, წგ. 1 (1938), წგ. 2 (1953) (ნ. ბერძენიშვილის რედაქციით); „იმერეთის სამეფო პოლიტიკური საბუთები 1784–1810“ (1953, შ. ბურჯანაძე); „ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები“, 1955 (ვ. ფუთურიძე); „ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა (1466–1770)“, წგ. 1, 1958 (შ. ბურჯანაძე). არქეოგრაფიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის პუბლიკაციის განყ-ბამ. ამ განყ-ბაში მომზადდა და გამოიცა ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით „ქართლის ცხოვრება“ (ტ. 1, 2, 4, 1955–59, 1973). საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან 1958 დაარსდა საქართველოს შესახებ არსებული უცხ. წყაროების კომისია (მთავარი რედ. გ. წერეთელი, 1973-იდან ს. ყაუხჩიშვილი), რ-მაც გამოსცა ს. ყაუხჩიშვილის მიერ მომზადებული სერია „გეორგიკა“. 1974 ეს კომისია გადაკეთდა საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების კომისიად, მისი მთავარი რედაქტორი 1994-მდე იყო შ. ძიძიგური. კომისია აქვეყნებს „ქართული ისტორიული დოკუმენტების კორპუსის“ მრავალტომეულს, „ქართული სამართლის ძეგლებს“, „ნარატიულ წყაროებს“, „წარწერების კორპუსებს“ და, აგრეთვე, რუს. ენაზე თარგმნილ ქართულ წყაროებს. კომისია ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ატარებს საერთაშ. კონფერენციებს, ხოლო წელიწადში ერთხელ – გამსვლელ კონფერენციებს რესპ. სხვადასხვა ქალაქში.
ქართულ არქეოგრაფიულ საქმიანობაში გარკვეული წვლილი შეიტანა ყოფ. საქ. კპ ცკ-თან არსებულმა პარტიის ისტ. ინ-ტმა, რ-მაც გამოსცა თემატური კრებულები: „რსდმპ კავკასიის კავშირის პროკლამაციები (1903–1905)“, 1955, ქართ. და რუს. ენებზე; „ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის საქართველოში (1917 – 1921)“, 1958, რუს. ენაზე, და სხვ.
ა-ის შესახებ თეორ. ხასიათის შრომები გამოაქვეყნა შ. ჩხეტიამ. 1969 თბილისში, ხელნაწერთა ინ-ტის ინიციატივით, ჩატარდა საკავშ. არქეოგრაფიული კონფერენცია, რ-ში მონაწილეობდნენ საქართვ., რუს., უკრ., სომხ. და აზერბ. არქეოგრაფები.
1989 აპრილში მოწვეული იყო საერთაშ. სიმპოზიუმი თემაზე: „აღმოსავლური ხელნაწერი წიგნი და ბალკანეთი“. სიმპოზიუმი ვერ ჩატარდა, მაგრამ თეზისები დაიბეჭდა.
ლიტ.: ჩხეტია შ., არქივთმეცნიერების შესავალი, «საქართველოს არქივი», 1927, [ტ.] 2; მისივე, თანამედროვე არქივთმეცნიერების ძირითადი პრობლემები და მეთოდები, «საარქივო საქმე», 1932, [ტ.] 4–5; მისივე, საისტორიო მასალების აღწერათა ან აღწერილობათა სისტემები, იქვე, 1930, [ტ.] 2–3; ძველ ხელნაწერთა დაცვა და ტექსტების პუბლიკაცია საბჭოთა საქართველოში, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1960, ტ. 2; Бельчиков Н., Теория археографии, М.–Л., 1929; Валк С. Н., Советская археография, М.–Л., 1948; Чхетия Ш. К., Советская археография за 40 лет, «ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1957, ტ. 12; Kantorowicz H., Einführung in die Textkritik, Lpz., 1921; Langlois Ch.-V., Manuel de bibliographie historique, t. 1 – 2, P., 1901–04.
ნ. შოშიაშვილი
შ. ჩხეტია