აბაშიძე თამარ ასლანის ასული [3 (15). V. 1892, ზესტაფონი, – 16. V. 1960, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). 1912–16 გამოდიოდა ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრის სპექტაკლებში. 1918–19 სწავლობდა დონის როსტოვის დრამ. სტუდიასა და კონსერვატორიაში. მსახიობად მუშაობდა იქვე, წითელი არმიის თეატრში, 1920-იდან მოღვაწეობდა საქართვ. სხვადასხვა ქალაქის [თბილისი (რუსთაველის სახ.), ოზურგეთი, ჭიათურა] თეატრებში: 1939–49 იყო გორის, 1949-იდან კი კვლავ ჭიათურის თეატრის მსახიობი. დიდი უშუალობითა და გულწრფელობით ასახიერებდა ჰეროიკულ-დრამ. და კომ. როლებს: ხანუმა (ა. ცაგარლის „ხანუმა“), რიფსიმე (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), მელანო და ელენე (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ვასა ჟელეზნოვა (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), დედოფალი (ა. წერეთლის „პატარა კახი“), კატარინა (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), ბერსენევა (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ემილია (შექსპირის „ოტელო“), გადია (ვ. შალიკაშვილის „უნიადაგონი“) და სხვ.
კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ელპიტე („ჭრიჭინა“, რეჟ. ს. დოლიძე, 1954), დათოს ბებია („ჩვენი ეზო“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1956).
შ. ცუცქირიძე