აკურის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დედათა მონასტერი.
მდებარეობს სოფ. აკურიდან 1,5 კმ-ზე, ტყეში. 855 დააარსა ცნობილმა საეკლ. მოღვაწემ ილარიონ ქართველმა. მონასტრის მთავარი ნაგებობაა დავით გარეჯელის სახელობის დიდი სამნავიანი ბაზილიკა მამადავითი. გეგმისა და ფასადების დამუშავების ხასიათით ქართ. ხუროთმოძღვრების ე. წ. გარდამავალი ხანის (VII ს. II ნახ.–X ს. I ნახ.) ძეგლია. აშენებულია რიყის ქვითა და აგურით. აგური შირიმის ქვასთან ერთად ძირითადად დეკორ. ნაწილებისათვის არის გამოყენებული, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ყველა ნაწილი კი რიყის ქვითაა ამოყვანილი. მაღალი და ფართო შუა ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით და დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. ასევე ნალისებრი ფორმა აქვს კონქის თაღსაც. სამხრ. ნავი ვიწროა და მაღალი. ჩრდ. ნავი დანაწევრებულია ორ კვადრ. მოცულობად და გადახურულია სამხრ. ნავთან შედარებით უფრო დაბალი, ჯვარისებური კამარებით. საკურთხევლის ორივე მხარეს, გვერდის ნავების აღმ. ნაწილებში, ორ სართულად, სიმეტრიულადაა განლაგებული სათავსები. ჩრდ. ნავის ქვემო სათავსი უშუალოდ საკურთხეველს უკავშირდება.
ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული იყო (დას. კედელზე შემორჩენილია შობისა და მიძინების სცენების მცირე ფრაგმენტები). მთელ ეკლესიაში სხვადასხვა ადგილზე კედლების გაყოლებით მოწყობილია დასაჯდომები. მორთულობა როგორც შიგნით, ისე გარედან ძუნწია. ბაზილიკა შემდგომში რამდენჯერმეა შეკეთებული. მონასტერი დავითგარეჯის უდაბნოთა მეტოქი იყო და მას ექვემდებარებოდა. ამ მონასტერში ცხოვრობდნენ ილარიონ ქართველის დედა და და. სწორედ ამით აიხსნება ჩრდ. ნავის დანაწევრება ორ დამოუკიდებელ, როგორც ჩანს, მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სამლოცველოდ. 1597 კახეთის მეფემ ალექსანდრე II-მ მონასტერში მიიყვანა თავისი უფროსი და ქეთევანი და ა. მ-ს ნინოწმინდის ეპისკოპოსის (დავითგარეჯის უდაბნოთა არქიმანდრიტიც იყო) სახელზე უბოძა სიგელი, რითაც საგრძნობლად გაუმჯობესდა მონასტრის მდგომარეობა. კერძოდ, ნაგებობები შეაკეთეს და ზოგი რამ გადააკეთეს კიდეც. ამავე ხანას (XVI ს. II ნახ.) განეკუთვნება საკურთხევლის კანკელიც. მონასტრის ტერიტორიაზე, რ-საც გარს უვლიდა ზღუდე, შემორჩენილია მარნისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.
ძეგლი რესტავრირებულია 1955 – 57 (არქიტ. გ. ჭეიშვილი).
ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
შ. საღარაძე